logo
ENG



კობახიძემ აგვისტოს ომში კვლავ ენმ-ს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, არ ახსენა რუსეთი

08 აგვ 202410:54
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს და ქართული ოცნების გუშინდელ განცხადებას იმეორებს, რომლის თანახმადაც, "2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება".

მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც მან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას პასუხისმგებლობის კონტექსტში რუსეთი არ უხსენებია.

მან აგვისტოს ომის "სამართლებრივ შეფასებაზე" საუბრისას თქვა, რომ "მთავარია, 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ნაცმოძრაობის, სააკაშვილის რეჟიმმა ბოლომდე იყოს გამოძიებული".

"რაც შეეხება ომის გამოძიებას და მათ შორის კითხვას, თუ რატომ ახლა - რატომ ახლაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, თქვენ იცით, რომ წარიმართებოდა სასამართლო პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში, სადაც რა თქმა უნდა, უაღრესად პრინციპული იყო ჩვენთვის გამარჯვება და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით ეს პროცესები მოიგო საქართველომ და ქართულმა ჯარმა. დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული, ეს არის პრინციპული გამარჯვება, რაც მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით.

რაც შეეხება ომის გამოძიებას - იცით, რომ ამასთან დაკავშირებით უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია ნაცმოძრაობას, კერძოდ, ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი. თქვენ იცით, რომ ამ პოზიციას ეთანხმება ნაცმოძრაობის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 2018 წლის კამპანია პრაქტიკულად ამ საკითხის გარშემო წარმართა. ანუ ნაცმოძრაობის და მათი პრეზიდენტის პოზიცია შეჯერებულია ამასთან დაკავშირებით, მათ განაცხადეს და დოკუმენტურადაც დაადასტურეს, რომ თავად დაიწყეს ომი, თუმცა ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის დადგენა.

სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა - ეს შეიძლება იყოს პროკურატურისადმი მიმართვა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, შეიძლება ყველა ერთად იყოს გამოყენებული, შეიძლება კონკრეტული ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული, ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ნაცმოძრაობის, სააკაშვილის რეჟიმმა იყოს ბოლომდე გამოძიებული", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 


close დახურვა