logo
ENG



კობახიძის თქმით, რესპუბლიკურის დემონტაჟი და რეორგანიზაცია ახლის აშენებამდე შეჩერდება

24 თებ 202417:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/24/thff566kq53zh0k.jpg

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკურის საავადმყოფოს დემონტაჟი და რეორგანიზაცია რამდენიმე წლით შეაჩერონ. 

ამას წინ რესპუბლიკურის ექიმებთან კობახიძისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა უძღოდა. 

როგორც კობახიძე ამბობს, ექიმებთან შეხვედრისა და კონსულტაციებისას შეჯერდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უახლოესი თვეების განმავლობაში ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებს, ხოლო საავადმყოფო ახლის აშენებამდე ფუნქციონირებას ჩვეულებრივად გააგრძელებს. 

"როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიაზე არსებული შენობის ადგილას, მისი დემონტაჟის საფუძველზე  ახალი შენობის მშენებლობას. 

ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს ექიმებმა. რაც გულისხმობდა იმას, რომ  უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორიის გამოყენება მოგვიანებით საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე, თუ არ ვცდები, 2007 წელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშენებლობა, შემდეგ ასევე, პოლიტიკური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ეს პროექტი ვეღარ განხორციელდა. სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტზე, კიდევ ერთხელ წარიმართება საპროექტო სამუშოები, დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და მომზადდება წინადადებები სწორედ ამ მიმართულებით, რომ უკანა ტერიტორიაზე განხორციელდეს საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებული იქნეს საინვესტიციო მიზნებისთვის. რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რაც ჰქონდათ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს.   

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმებისა და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას. ჩვენ მოვამზადებთ კიდევ ერთხელ წიუნადედაბებს და ამისშემდეგ განიუსაზღვრება როგორ გაგრძელდება პროცესი",- თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, საავადმყოფოს დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის კარგ მდგომარეობაში და მიღებული იქნება ზომები, რომ ახალი საავადმყოფოს აშენებამდე, ის გაუმჯობესდეს.

"ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, უახლოესი წლების განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით, შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაში გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას. მიღებული იქნება ზომები იმისთვის, რომ შუალედურ პერიოდში გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, ვიდრე აშენდება ახალი საავადმყოფო, შესაბამისად, ერს არის  ის გადაწყვეტა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება როგორც სახელმწიფო, ასევე კოლექტივის ინტერესებს", - აღნიშნავს კობახიზე.

***

ექიმები რესპუბლიკური სააავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილებასა და დაგეგმილ რეორგანიზაციას 1 თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ. შენობის დემონტაჟის შესახებ ცნობილი 22 იანვარს გახდა. 

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რათა კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

მთავრობის ადმინისტრაცია კი დამატებით გავრცელებულ ინფორმაციაში ამტკიცებდა, რომ "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".

 

 
 

close დახურვა