logo
ENG



კობახიძის მტკიცებით, მაკრონმა სცადა, ზურაბიშვილთან შეხვედრისთვის ოფიციალური სახე არ მიეცა

27 სექ 202300:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/27/9f6xbjkw2o5qlnj.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას "უხერხულობების შესაქმნელად" იყენებს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილის მხრიდან "უხერხულობის" შექმნას მოწმობს მისი შეხვედრები გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან. ის ირწმუნება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაქსიმალურად სცადა, ზურაბიშვილთან შეხვედრისთვის ოფიციალური სახე არ მიეცა და "სადღაც ეზოში ჩაწერა [ზურაბიშვილთან ერთად] ერთი ვიდეო".

"ის იყენებს თავის თანამდებობას და სტატუსს იმისათვის, რომ თუნდაც კონსტიტუციის უხეში დარღვევით შექმნას გარკვეული უხერხულობები. უხერხულობები მან უკვე შექმნა. იგივე, თქვენ ნახეთ, მათ შორის, შტაინმაიერის რეაქცია იმპიჩმენტის აღძვრაზე, მას აღარ გაუპიარებია აქტიურად ის შეხვედრა, რომელიც გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, ერთი პატარა, თუ არ ვცდები ვებ-გვერდის ჩანაწერით შემოიფარგლა, ეს იყო და ეს და რამდენიმე ფოტო გავრცელდა. ასევე, გახსოვთ მაკრონის რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაქსიმალურად შეეცადა რომ ოფიციალური შეხვედრის სახე არ მიეცა იმ შეხვედრისთვის, რომელიც შედგა სალომე ზურაბიშვილთან და სადღაც ეზოში ჩაწერა ერთი ვიდეო, რომელიც შემდეგ გავრცელდა. მაქსიმალურად ცდილობენ ევროპელი ლიდერები, რომ ეს უხერხულობა ბოლომდე მაინც არ შექმნან ან ნაწილობრივ მაინც დაარღვიონ, თუმცა უხერხულობა მაინც სახეზეა", - განაცხადა კობახიძემ.

იმპიჩმენტის მუქარიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პარიზში შეხვდა.

ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა