logo
ENG



კობერიძე ოცნებას:ცვლილებები გავა, მაგრამ ეს ვერ იქნება თქვენთვის ნამუსის მოწმენდის მცდელობა

23 ივნ 202013:06
3 წუთის საკითხავი
 
dswcszyvj1deetu.png

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ, პლენარულ სხდომაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ, მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა.

კობერიძემ გასული წლის ნოემბერში პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების ფაქტი გაიხსენა და განაცხადა, რომ ცვლილებების მიღება „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლიან პოლიტიკურად ძალად ვეღარ წარმოაჩენს.

„დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ამ პროცესში შეასრულოს ის როლი, რომ რეალურად გამოიკვეთა პასუხისმგებლობები, ვინ როგორ უდგება საკითხებს. სამწუხარო გამოცდილება გვაქვს უახლოესი წარსულის „ქართული ოცნების“ მხრიდან პროპორციულის ჩაგდებასთან დაკავშირებით, როდესაც მოსახლეობის გადაგდება მოხდა. მეორე მხრივ, დღეს ვხედავთ საქციელს, როდესაც თავისივე ხელმოწერილ დოკუმენტს არ ასრულებენ ადამიანები. ამიტომ აქ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ ვიცით ჩვენი ადგილი, რა როლი უნდა შევასრულოთ და რა პასუხისმგებლობა ავიღოთ საზოგადოების წინაშე. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ და ვასრულებთ. მინდა ხაზი გავუსვა იმას რაც ხდება. 115 დეპუტატია დარეგისტრირებული, მინიმუმ სამი ადამიანი დანამდვილებით ვიცი, ვინც ხმის მიცემას არ აპირებს ამ კანონპროექტისთვის და ამ შემთხვევაში უმრავლესობის მხარეს როგორ არის საქმე რაოდენობაში? იმედია შემოგესწრებიან თუ ვინმეა დაგვიანებული და კანონპროექტი არ დადგება საფრთხის წინაშე. რაც შეეხება მცდელობას, რომ ოპოზიცია გინდათ გაყოთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ იქითკენ თუ მიგყავთ საქმე, რომ თქვენ წარმატებად გინდათ გაასაღოთ ეს 116 ხმა, რომელსაც თქვენი სპიკერები ხშირად ამბობენ, რომ არის გარანტირებული, დიდი ბოდიში მაგრამ ეს თქვენი მხრიდან არ არის გარანტირებული, ჩვენგან ნამდვილად ვიცით, რომ არის. ეს ბევრჯერ დავადასტურეთ და ვაგრძელებთ მეორე მოსმენის დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავა ეს ცვლილებები, ეს ვერ იქნება თქვენთვის ნამუსის მოწმენდის მცდელობა, რადგან თქვენ პროპორციული არჩევნები, რაზეც იყო სახალხო შეთანხმება, ჩააგდეთ და შესაბამისად, ახლა მცდელობა იმისა, რომ თქვენ წარმოაჩინოთ თავი პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალად არ გამოგივათ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.


close დახურვა