პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა.
პარლამენტში ბიუჯეტის 2021 წლის პროექტის წარდგენის დროს კოვზანაძემ თქვა, რომ პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 7,1 მილიარდ ლარზე მეტია, რის გამოც ქვეყანა მომავალ წელს პრობლემებით დახუნძლული ხვდება.
"გაზრდილია უმუშევრობა; შემცირებულია მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლები; შემცირებულია ერთობლივი მოთხოვნა, კაპიტალური დანახაჯები - ინვესტიციები; გაზრდილია დავალიანებები, ხოლო წლის განმავლობაში ლარი დაახლოებით 15%-ით არის დევალვირებული, ინფლაცია საშუალოდ 5.2% და ა.შ.“, - განაცხადა კოვზანაძემ.
მისივე თქმით, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ის, რამაც ეკონომიკას ზიანი მიაყენა, 2021 წელს ერთბაშად აღდგება. კოვზანაძე ამბობს, რომ მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიღება გაჭირდება.
„იმედით შევყურებთ 2021 წელს, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემოდინება იქნება. თითოეული მილიონი ამერიკული დოლარი, ვფიქრობ, რომ სანთლით საძებარი იქნება; ასევე არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის ფონზე ვაჭრობის სექტორი, რომელიც პანდემიამდელი მშპ-ს დიდ ნაწილს - 14%-ს ქმნიდა, სრულიად აღდგება; ასევე, არ მაქვს ილუზია, რომ უძრავი ქონებით განხორციელებული ოპერაციები, რომელიც მშპ-ს 11.5% იყო, სრულიად აღდგება; არ მაქვს განსაკუთრებული ილუზია, რომ ტურიზმი, რომელიც მშპ-ს 8% იყო და ტურიზმიდან შემოსავლები 3.5 მლრდ დოლარს უახლოვდებოდა, პანდემიამდე არსებულ დონეს ალბათ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ვერ აღიდგენს". - თქვა მან.
კოვზანაძისვე თქმით, 2020 წელს საბანკო სექტორი ზარალით დაასრულებს ან მიუახლოვდება 0-ს, რაც 2008-2009 წლებს შემდეგ პირველად ხდება.
"მდგომარეობა რთულია და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გათვლით ეკონომიკები პანდემიამდელ დონეს , შემთხვევაში 2022 წლის ბოლოს თუ დაუბრუნდებიან“, - თქვა ირაკლი კოვზანაძემ.