logo
ENG



კოვზანაძე 5-6 ივლისზე: რომელი უცხოელი ჩამოვა, თუ აქ სცემენ, თუ დაცულობის განცდა არ იქნა

15 ივლ 202114:35
3 წუთის საკითხავი
 
კოვზანაძე 5-6 ივლისზე: რომელი უცხოელი ჩამოვა, თუ აქ სცემენ, თუ დაცულობის განცდა არ იქნა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 5-6 ივლისს თბილისის ქუჩებში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე ეს უარყოფითად აისახება.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, უკვე შეინიშნება ტურისტების ჯავშნების გაუქმების ტენდენცია. 

მისივე განცხადებით, არასტაბილური გარემო მოქმედებს ინვესტორებიც არჩევანზეც და ისინი მოერიდებიან ფულის ჩადებას ქვეყანაში, სადაც "სიცოცხლის რისკები იქნება".

„უნდა გვახსოვდეს, რომ განვითარებული მოვლენები არ არის მხოლოდ პოლიტიკური, რომ ამ საკითხს ახლავს ეკონომიკური მდგენელიც. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადის რთულ პერიოდს, ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა და ასეთ ვითარებაში, მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს საინვესტიციო გარემოს. ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო, გარკვეულწილად, ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება. ტურისტული სექტორის მნიშვნელობაზე ახლა დამატებით არაფერს გეტყვით. საკმარისია აღინიშნოს, რომ ტურიზმს კურსწარმომქნელი ფაქტორიც გააჩნია.

ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღებით უნდა მოვეპყრათ უცხოელებს. რომელი [უცხოელი ინვესტორი] ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის რისკები იქნება? რომელი უცხოელი ჩამოვა, თუ აქ უცხოელებს სცემენ? ამიტომ, რომელ ბიზნესკონტექსტზე შეიძლება იყოს საუბარი, თუ სტაბილურობის და დაცულობის განცდა არ იქნა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. 

ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ. 

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 5-6 ივლისს მათზე ძალადობის ერთერთი წამხალისებელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, სწორედ ამიტომ არის მოთხოვნებს შორის მისი გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან.

პროტესტის ნიშნად ოთხმა ტელევიზიამ - ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და ტვ კავკასია - 14 ივლისს 08:00 საათიდან 15 ივლისს 08:00 საათამდე მაუწყებლობა შეწყვიტა.

გარდა მედიის წარმომადგენლებისა, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ პოლონელ ტურისტსაც - მიზეზი მისი გარეგნობა გახდა.


close დახურვა