logo
ENG



აქციის შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის წევრები ახალგაზრდებს თავს დაესხნენ

10 იან 202419:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/10/tccgb7sj6a0qf8a.jpg

აქტივისტ ნატა ფერაძესთან გამართული აქციის შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის წევრები ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მეგობარ აქტივისტებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა მათ ტერიტორია დატოვეს.

ფორმულა მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

დღეს ნატა ფერაძის სახლთან მოძალადე ჯგუფები იმყოფებოდნენ და მას ემუქრებოდნენ. მობილიზებული იყო პოლიციაც, რომელიც მათ სახლთან მისვლის საშუალებას არ აძლევდა. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა მოძალადება ჯგუფებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.

გუშინ, 9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს.

მანამდე, ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 7 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.

საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.


close დახურვა