logo
ENG



კოვიდ-დეზინფორმაციის გავრცელებას ხშირად ხელს მსოფლიო ლიდერები უწყობენ

26 აპრ 202021:36
3 წუთის საკითხავი
clock 328

ის, რომ 5G ტექნოლოგია კორონავირუსის გამომწვევია; რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთმა ამერიკის საწინააღმდეგოდ შექმნა, ან პირიქით ამერიკელების მიერ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ჩინეთისა და რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს; რომ მსოფლიო ახალი წყობისთვის ემზადება, სადაც რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა იქნება უზენაესი - ეს ყველაფერი დეზინფორმაციის შედეგია, ჩამოთვლილ არც ერთ ინფორმაციას საფუძვლად არ უდევს მეცნიერული მტკიცებულება.

მითების გავრცელებას ხშირად ხელს სწორედ მსოფლიო ლიდერები უწყობენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვირუსს ჩინურს უწოდებს და უჰანის ლაბორატორიაში ამერიკელების დაშვებას ითხოვს.

ორგანიზაცია Politifact-ის წევრი მიიჩნევს, რომ ტრამპი კორონავირუსზე მსგავსი განცხადებებით არჩევნებისთვის ემზადება. აარონ შარაქმენი ფიქრობს, რომ პრობლემა უფრო მასშტაბურია და პრობლემასთან გასამკლავებლად საკმარისი მხოლოდ ამერიკა არ იქნება.

„ნოემბერში არჩევნებია დაგეგმილი, დონალდ ტრამპი ამ არჩევნებისთვის ემზადება. ამერიკელებმა ის პრეზიდენტად აირჩიეს ისეთი ლოზუნგებისთვის, როგორიც არის "ამერიკა და ამერიკელები უპირველეს ყოვლისა". ვფიქრობ მისი ქმედებები პოლიტიკური დღის წესრიგით არის განპირობებული, რასაც უნდა აკეთებდეს, ყველაფერს ისე წარმოაჩენს, თითქოს ყველაფერს ამერიკისა და ამერიკელებზე ზრუნავს. პრობლემა ისაა, რომ საქმე გვაქვს პანდემიასთან, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. არ იქნება საკმარისი ამ პრობლემასთან მხოლოდ ამერიკაში ბრძოლა, რადგან  ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად გავაკონტროლოთ ვითარება ქვეყნის შიგნით, თუმცა ვერაფერს ვიზამთ ქვეყნის გარეთ, თუ სხვა სახელმწიფოებთან არ ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა აარონ შარაქმენმა.

მაშინ როცა ამერიკის პრეზიდენტი კორონას გაქრობას უწინასწარმეტყველებს,  ჩინეთი პოლიტიკურ არენაზე ამერიკელების პოზიციის დაკავებას ცდილობს. პეკინი კორონავირუსით დაავადებულ სახელმწიფოებს ჰუმანიტარულ დახმარებებსაც უგზავნის. პანდემია ჩინეთისთვის შესაძლებლობაა, დანარჩენ მსოფლიოზე გავლენა გააძლიეროს და თავი დაიმკვიდროს ისევე, როგორც შეერთებულმა შტატებმა ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოახერხა.

„შეერთებული შტატები განაგრძობს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ვაქცინის შექმნაში, ასევე როგორც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების და პერსონალური დაცვის ნივთების წარმოებაში. შეერთებული შტატები ამ მხრივ თავის მისიას ასრულებს, თუმცა ჩვენ ერთობლივი ძალები უნდა მივმართოთ პანდემიის გადასალახად. არ ვიცი სად მიგვიყვანს პოლიტიკა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა". მაგრამ ვხედავ, რომ ჩვენ განსხვავებულ მოცემულობაში აღმოვჩნდით“, - აცხადებს აარონ შარაქმენი.

2020 წელს ვირუსმა პუტინის გეგმებიც შეცვალა. რუსული პროპაგანდა მოსახლეობას ლიბერალური დემოკრატიისა და მსოფლიო ჯანდაცვის კრახზე უყვება. მოსკოვი იტალიას სამხედრო ვირუსოლოგებს უგზავნის, შეერთებულ შტატებს კი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს. ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს ისეთი იმიჯი შექმნას, თითქოს სახელმწიფოში ყველაფერი კარგად აქვს და მზად არის სხვვებს დაეხმაროს.

„რუსეთი ცდილობს შეიქმნას ისეთი სახელმწიფოს იმიჯი, რომელიც ყველას დახმარებას გაუწევს. ის ცდილობს შეუქმნას ისეთი სახელმწიფო იმიჯი, რომელსაც ყველაფერი კარგად აქვს, იმდენად, რომ დანარჩენ მსოფლიოსაც გადაარჩენს, მაგრამ ამ ორი ამოცანის შესრულებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს“,-აცხადებს ტიხონ დზიატკო.

ავტორიტარული ქვეყნების პროპაგანდას საქართველოს მთავრობის წევრებიც ემსხვერპლნენ. თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთისა და რუსეთის ნარატივს იმეორებს.

„ძალიან ბევრი გაკვეთილი გამოიტანა დემოკრატიულმა სამყარომ პანდემიის გავრცელების შემდეგ. ჩვენ ვნახეთ ბევრი ჩავარდნა დემოკრატიული სისტემების ძლიერი სახელმწიფოების, როგორიც არის იტალია, საფრგანგეთი, ესპანეთი, ახლა უკვე ვხედავთ რომ პლანეტის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოშია  რთული ვითარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.


close დახურვა