ქვეყანაში კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
„ჯამურად გვაქვს 593 შემთხვევა, 33 გადის მკურნალობას ამ ეტაპზე. მნიშნელოვანია, რომ ლეტალობის რიცხვი არის ცხრა და მნიშნელოვანია ისიც, რომ გარდაიცვალა 58 წლის ქალბატონი - ეს აღსანიშნავია. ჩვენი ექიმები მეტი ყურადღებით იქნებიან ამ საკითხთან მიმართებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის 6 პაციენტი რჩება. როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, პაციენტი, რომლის მდგომარეობაც ყველაზე მძიმე იყო, გუშინ რეანიმაციულიდან თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ის რამდენიმე დღეში კლინიკას დატოვებს.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტია მოთავსებული, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კი დღეს 4-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 593 შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულია 223 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 9 ადამიანი.