logo
ENG



კოვიდინფიცირებული მოქალაქეები ხმის მიცემის უფლების გარეშე

11 ივნ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდინფიცირებული მოქალაქეები შესაძლოა ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ასეთმა პაციენტებმა, ინფიცირების რისკის გამო, შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა ვერც ე.წ. სპეც უბნების და ვერც გადასატანი ყუთის საშუალებით შეძლონ.

ეს საკითხი რომ ჯერ მოუგვარებელია, ცესკოს თავმჯდომარეც ადასტურებს. თამარ ჟვანია საკითხზე მსჯელობას პარლამენტისგან ელოდება. მას ვერ წარმოუდგენია, ბოქსირებულ პალატებში გადასატანი ყუთით კომისიის წევრების შესვლა.

როგორ და რა ახალი პროცედურებით ჩატარდება პანდემიის პირობებში 2020-ის საპარლამენტო არჩევნები - საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მუშაობა დაწყებულია, თუმცა საბოლოო გეგმა ჯერ არ არსებობს. სამუშაო ვერსიის მიხედვით, კარანტინში მყოფ ადამიანებს, შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი ყუთების საშუალებით მოუწიოთ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ერთადერთი განსახილველი ვერსია არ უნდა იყოს, რადგან გადასატანი ყუთის გამოყენება, როგორც წესი, მანიპულაციების ეჭვების მიზეზი არჩევნებზე ხშირად ხდება. საკარანტინე ზონებში კი შესაძლოა ათასობით ამომრჩეველი იყოს. დამკვირვებლებს იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაცია ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც მოქალაქეებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საარჩევნო უფლებებს უსაფუძვლოდ არ შეუზღუდავს და დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებს მანიპულაციების შესაძლებლობას არ მისცემს.

ახალი რეგულაციების მოლოდინში პოლიტიკური პარტიები ეჭვობენ, რომ კორონავირუსს ხელისუფლება მანიპულაციისთვის და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. ჯერ გადაუწყვეტელია იქნება თუ არა უბნებზე თერმოსკრინინგი. და თუ კი ეს ასე იქნება, უცნობია რა ბედი ელის უბანზე მისულ იმ ამომრჩეველს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება. მათვის იზოლირებული სივრცეების მოწყობა არ განიხილება. საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ ეტაპზე რაც ნამდვილად იცის, არის ის, რომ დასჭირდებათ პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და სპეციალური ინფრასტრუქტურა სოციალური დისტანციის უზრუნველსაყოფად.

ჯერ არ იციან როგორ, თუმცა მმართველი პარტიაში ირწმუნებიან, რომ ეპიდემიური ვითარების გამო არც ამომრჩევლები და არც მათი პოლიტიკური ოპონენტები დაიჩაგრებიან. ახალი საარჩევნო პროცედურების გამო პარლამენტს სავარაუდოდ ახალი ცვლილებების დამტკიცება მოუწევს. ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ გადასაწყვეტია მარკირების საკითხიც. ანეიტრალებს თუ არა მარკირების სითხეს ხელის სადეზინფექციო საშუალებები - ამის დასადგენად სავარაუდოდ კვლევას ჩაატარებენ. სადამკვირვებლო რეორგანიზაციების წარმომადგენლები შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ურჩევენ, პანდემიური საარჩევნო გეგმა დროულად შეიმუშაონ, რადგან არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება.


close დახურვა