საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გუშინ გაიმართა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ მოაწერეს.
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია, ხელშეკრულების თანახმად, განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მფლობელია. აღნიშნული სტატუსით კოკა-კოლას ბრენდის ინტეგრირება საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან, ვაჟთა ყველა ასაკობრივ ნაკრებ გუნდსა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიებთან მოხდება.
კოკა-კოლა წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთს, კონკრეტულად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გვერდში უდგას და არაერთი პროექტის ინიციატორი იყო, მათ შორის კომპანიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, 25-ჯერ ჩაატარა კოკა-კოლას თასის ტურნირი, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ასაკის მოყვარული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
ფეხბურთი სწორედ იმითაა უნიკალური, რომ ამ თამაშს დედამიწის ყველა წერტილში თამაშობენ - განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიური თუ სხვა შეხედულების, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა.
ქართულ ბაზარზე ამ მსოფლიო ბრენდის ოპერირების 30-წლიანი ისტორიის
მანძილზე ასეთი მასშტაბისა და სიდიდის ურთიერთთანამშრომლობა მეორედ დაფიქსირდა. სფფ-ისა და კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულება ფინანსურად უპრეცედენტოა.
თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიება გალა ვახშმის ფორმატში თბილისში გუშინ გაიმართა და მას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.