logo
ENG



კოლომინა: არსებობს შეშფოთება საქართველოში რეფორმების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით

05 აპრ 202314:00
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ არსებობს შეშფოთება საქართველოში რეფორმების გატარების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით.

როგორც კოლომინამ ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, მნიშვნელოვანია მთავრობამ გაატაროს რეფორმები, რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენს დეპოლარიზაციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების გატარება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. 

"ძირითად კმაყოფილი ვართ თანამშრომლობის ხარისხით და თქვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით, ამავდროულად, არსებობს შეშფოთება რეფორმების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით, ეს ვთქვით 2022 წლის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაზე, სადაც 10-მდე რეკომენდაცია გავეცით, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციასთან. ვფიქრობ, თქვენმა ხელისუფლებამ კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს რეფორმების კუთხით, როგორ და რა უნდა შეასრულონ. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ ამ რეფორმების სხვადასხვა ასპექტს. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა, უსაფრთხოების სექტორის რეფორმაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ის, რაც საბოლოო გავლენას ახდენს მთელს პროცესზე - დეპოლარიზაცია. ეს საკითხი გამოვყავით არა მხოლოდ ხელისუფლებასთან, ოპოზიციის ლიდერებთან საუბრისასაც, როცა თბილისში ვიყავი ბოლოს.

მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაიგოს, რომ საჭიროა გაერთიანდნენ, ერთად იმუშაონ. ისინი ერთიანდებიან, როცა ვსაუბრობთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როცა ამ სწრაფვისთვის რეფორმებია გასატარებელი, მაშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ერთობა აღარაა. ვფიქრობ, ეს არის საერთო პასუხისმგებლობა. მთავრობამაც და ოპოზიციამაც მეტი უნდა გააკეთოს, ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება ყველა რეფორმისთვის", - თქვა კოლომინამ.

 


close დახურვა