საქართველოში კომენდანტის საათი მოიხსნა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ლი ივლისიდან უნდა მოხსნილიყო, თუმცა მოგვიანებით მათ დააზუსტეს, რომ 30 ივნისს 23:00 საათიდან შეზღუდვა აღარ ამოქმედდება.
კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებდა. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.
მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.
გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო.
ბოლო შემსუბუქება მართლმადიდებლური აღდგომის ღამესაც განხორციელდა, როდესაც გადაადგილების შეზღუდვა 3 საათით ნაკლები დროით მოქმედებდა. კერძოდ, კი ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე ბიზნეს სექტორის მიერ.