ევროპის მასშტაბით, ვირუსის მეორე ტალღასთან გასამკლავლებლად მთავრობები ახალ შეზღუდვებზე მუშაობენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზსა და კიდევ რვა ქალაქში ოთხი კვირით კომენდანტის საათი გამოაცხადა. კორონავირუსის სწრაფად გავრცელების შესამცირებლად, რეგულაცია საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს. ასევე, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯარიმა 135 ევრო (511 ლარი) იქნება.
ამასთან, საფრანგეთში სკოლები გახსნილი რჩება, ქალაქებს შორის გადაადგილება კი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
გერმანიამ ბარები და რესტორნები მაღალი რისკის შემცველ სივრცეებად გამოაცხადა. გამკაცრებული შეზღუდვების შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა ისაუბრა. გერმანიაში ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს 5 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აპრილის შემდეგ ეს გერმანიისთვის ყველაზე მაღალი მაჩვებელია.
ნაწილობრივი კარანტინი გამოცხადდა ნიდერლანდებშიც, სადაც, ასევე კაფეები და ბარები იკეტება.
დღეიდან, 15 ოქტომბრიდან ბარები და რესტორნები ორი კვირით დაიკეტა ესპანეთშიც, კერძოდ კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. ჩეხეთმა დახურა სკოლები და ბარები, სადაც 100 000 მოსახლეზე 581,3 შემთხვევა დაფიქსირდა. ჰარდა ამისა, დღეიდან, 15 ოქტომბრიდან ირლანდიის მთავრობამ ოჯახური ვიზიტები აკრძალა.