ხვალიდან ბიზნესი ნაწილობრივ ამუშავდება, თუმცა კომენდანტის საათი ძალაში რჩება და შესაბამისად, მოქალაქეები ისევ ვალდებულები იქნებიან, საღამოს 9 საათზე სახლებში დაბრუნდნენ. მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ. მათი შეფასებით, კომენდანტის საათს ვირუსის გავრცელების პრევენციასთან კავშირი არ აქვს.
„ჩემი აზრით, კომენდანტის საათს არანაირი გამართლება არ აქვს და არანაირად არ არის საჭირო. ბუნებრივია, საინტერესო იქნებოდა ხელისუფლების აზრი, ეთქვათ, რატომ არის კომენდანტის საათი და აღმოჩნდა, რომ სრულიად აბსურდული მიზეზის გამო, რომ ადამიანები თურმე ერთმანეთთან ღამით საქეიფოდ არ წავიდნენ, რაც სრულიად გაუგებარი მოცემულობაა. რისთვისაც სჭირდება ხელისუფლებას კომენდანტის საათი, ეს არის მოჩვენებითი ქმედითი ღონისძიებების გატარების კასკადი და მეტი არაფერი“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ.
კომენდანტის საათის ძალაში დატოვება ასევე გაუგებარია პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისთვის. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლაა, რომ მსგავსი შეზღუდვები მოიხსნას.
„ისინი ინარჩუნებენ აბსოლუტურად არასაჭირო ზომებს, როგორიც არის კომენდანტის საათი, მანქანის წინა სავარძელზე ადამიანის დაჯდომის აკრძალვა, სრულიად აბსურდული შეზღუდვები, გამოსავალი ერთადერთია, საზოგადოება უნდა მიაწვეს მაქსიმალურად ამ მავნებლებს, რომ მოვახსნევინოთ ეს შეზღუდვები, ამას არანაირი რაციონალური ახსნა არ აქვს, რომ 9 საათის მერე კორონავირუსი დაფრინავდეს და მანამდე საფრთხე არ გვემუქრება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე არასწორად მიიჩნევს სავალუტო ჯიხურებითვის დაწესებულ შეზღუდვებსაც. მისი თქმით, შექმნილი ვითარების გამო, მოქალაქეებს ვალუტის კონვერტირება ბანკებში არსებული კურსით უწევთ, რაც მათ ფინანსურად აზარალებს.
„ძალიან ბევრი რამ გაკეთდა არასწორად. არის აბსოლუტურად უგუნური გადაწყვეტილებებიც. მაგალითად, რა უშლის იმას ხელს, რომ გაიხსნას ქვეყანაში 1000-მდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი. 4 ათასი ადამიანი დღეს სახლში ზის უმუშევრად. ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს ბანკის ძალიან ცუდი კურსით უწევს საკუთარი სიმწრით ნაშოვნი ფულის კონვერტაცია. გაუგებარია, რას ემსახურება კომენდანტის საათი. თუკი ეკონომიკურ მიზანს ემსახურება ხვალინდელი გადაწყვეტილებები, მაშინ კომენდანტის საათი ამ მიზნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ხოლო ჯანდაცვის აუცილებლობიდან უკვე ეკონომიკის გახსნის შემდეგ კომენდანტის საათის შენარჩუნება, უბრალოდ, არ გამოიყურება დამაჯერებლად და ლოგიკურად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.