logo
ENG



კომიტეტების სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს

06 თებ 202422:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/06/hsezctyexge4d0v.jpg

პარლამენტის 5-მა - აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა. 

პარლამენტში დღეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში გუშინ დაიწყო და ხვალ, 7 თებერვალსაც გაგრძელდება. კომიტეტებზე გუშინ მხარი კულტურის, ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს დაუჭირეს.

კობახიძე პრემიერმინისტრის კანდიდატად ქართული ოცნების ყრილობაზე წარადგინეს. ის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამოქმედო გეგმა - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარუდგინა. 

ირაკლი კობახიძემ პირველ თებერვალს თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდება, კერძოდ, ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის  მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ამ პოსტზე ირაკლი ჩიქოვანს წარადგენენ. 

8 თებერვალს პლენარულ სხდომაზე კობახიძის მთავრობას კენჭს უყრიან.


close დახურვა