გერმანული სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall აცხადებს, რომ მზადაა, გაზარდოს ტანკებისა და საარტილერიო ტყვია-წამლის წარმოება, რათა უკრაინისა და დასავლეთის გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
კომპანიის გენერალური დირექტორი არმინ პაპერგერი Reuters-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ კომპანიამ, შესაძლოა, დაიწყო რამდენიმე რაკეტის ერთდროულად გამშვები HIMARS სისტემების გერმანიაში წარმოება.
პაპერგერის ცნობით, Rheinmetall ამ საკითხთან დაკავშირებით HIMARS-ის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Lockheed Martin-თან მოლაპარაკებებშია.
მისი თქმით, გერმანულ კომპანიას ამგვარი რაკეტის გამშვების წარმოებისთვის საჭირო ყველა ტექნოლოგია აქვს.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი მიზანია მივაღწიოთ შეთანხმებას Lockheed Martin-თან რომ დავიწყოთ HIMARS-ების წარმოება [გერმანიაში]. ჩვენ გვაქვს საბრძოლო თავაკების, ასევე რაკეტების ძრავების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიები - და ჩვენ გვაქვს სატვირთო მანქანები, რომლებზეც დამონტაჟდება რაკეტის გამშვებები“ - განაცხადა პაპერგერმა.
Rheinmetall სხვადასხვა ტიპის თავდაცვით პროდუქტებს აწარმოებს, მათ შორის Leopard 2 ტანკის 120 მმ-იან იარაღის ლულას.
2022 წელს კომპანიამ თითოეული ტანკისა და არტილერიისთვის საჭირო 60 000-დან 70 000-მდე ტყვია-წამალი დაამზადა და მათი თქმით, შეუძლიათ წარმოება დაუყოვნებლივ გაზარდონ.
კომპანია აცხადებს, რომ შეუძლიათ წელიწადში 240 000 სატანკო ტყვიის წარმოება, რაც მათი თქმით იმაზე მეტია, ვიდრე მსოფლიოს სჭირდება.
ხოლო 155 მმ-იანი საარტილერიო ტყვიების წარმოება, შესაძლოა წელიწადში 450 – 500 000-მდე გაიზარდოს. ამ შემთხვევაში Rheinmetall ამ ორი ტიპის ტყვია-წამლის უდიდესი მწარმოებელი გახდება.
ამ ტიპის ტყვია-წამალზე მოთხოვნა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. ამის მიზეზი საბრძოლო ველზე მათი გამოყენების გარდა, მოსკოვიდან მზარდი საფრთხის ფონზე დასავლური ქვეყნების მხრიდან საბრძოლო მარაგების შევსების სურვილიც გახდა.