logo
ENG



კომპანიებს გადასახადები მძიმე ტვირთად აწევთ - ბიზნეს სექტორი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

31 მარ 202017:50
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ისინი გადასახადების შემსუბუქებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა არ იქნება, შესაძლოა, მათმა ნაწილმა კრიზისს ვერ გაუძლოს.

„მნიშვნელოვანი იყო საბაჟო დღგ-სგან გავეთავისუფლებინეთ 25-30 დღით, როგორც ეს იყო ე.წ. ოქროს სიის მოქმედების პერიოდში, რადგან იმპორტისას 5 დღეში დღგ-ს გადახდა, როდესაც რეალიზებული არ გაქვს, არის ძალიან  რთული. ამაზე სამწუხაროდ ჯერ გამოხმაურება არ ყოფილა. კარგი იქნება თუ განახევრდება საშემოსავლო ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ეს თანხები ისევ აკუმულირდება და შიგნითვე კომპანიის გადარჩენას მოხმარდება, აქ განვითარებაზეც არ არის საუბარი. ლარი რა ნიშნულზე დადგება ჯერ კიდევ არ ვიცით და ამ პერიოდში, როდესაც კომპანიებს ვალდებულების გასტუმრება უწევთ, არის ძალიან მძიმე მათთვის“, - განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ.

ოპოზიციაში შექმნილი ვითარების გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებენ. ხელისუფლების ოპონენტები ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გამოთავისუფლებული თანხებით მთავრობა უნდა დაეხმაროს როგორც რიგითი მოქალაქეებს, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.

„მთლიანად უნდა შეიკვეცოს ყველა ზედმეტი ხარჯი ბიუჯეტში და ეს გამოთავისუფლებული თანხა უნდა წავიდეს სწორედ გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად. ეს უნდა იყოს სპეციალური დახმარება სახლში უხელფასოდ გაშვებული ადამიანებისთვის და სახელმწიფომ 8 თვის განმავლობაში უნდა აუნაზღაუროს მათ ხელფასის 50%, ეს უნდა იყოს 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი, ეს უნდა იყოს 200-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულების, პენსიონერების და სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, ეს უნდა იყოს საპენსიო შენატანების შეჩერება და საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის გაცემა, გადასახადების შემცირება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კომპლექსური გეგმა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.


close დახურვა