კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური მიიჩნევს, რომ მედიების დარეგულირება აუცილებელია. მედიის შეზღუდვის მექანიზმებზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემა კიდობანში ისაუბრა.
ბექაურის თქმით, ის წუხს მედიის პოლარიზებაზე და რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს. ის ირწმუნება, რომ მედიის მხრიდან ფაქტების დამახინჯების პრევენციის მექანიზმი არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ თავად გია გაჩეჩილაძეც არის იმ ინიციატივის ავტორი, რომელიც ითხოვს "მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში" შევიდეს ცილისწამების დამარეგულირებელი ცვლილება. გაჩეჩილაძის ეს ინიციატივა, მესამე სექტორის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეფასდა.
"შემოვიღოთ უნდა ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესს ან დღის წესრიგს კი არ მოემსახურება და ჭიდაობა კი არ წავა და ერთმანეთის შეურაცხყოფა ამ მედიიდან იმ მედიის, არამედ ყველა მედია ამ მინიმალურ სტანდარტს მაინც დაიცავს. კერძოდ იმას, რომ აღარ იქნება მისი ეთერიდან სიძულვილის ენა, ფაქტებს მაქსიმალური სიზუსტით მიაწვდის საკუთარ მაყურებელს, არ აურევს მოსაზრებას ფაქტში და განსხვავებული მოსაზრების ტირაჟირებას გააკეთებს“, - აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
მედიაექსპერტები ბექაურის განცხადებებს, კრიტიკული მედიის შეზღუდვის სურვილად აღიქვამენ, რადგან ეს სურვილი ემთხვევა ქართული ოცნების წევრების მხრიდან მედიების მიმართ დამოკიდებულებას.
აღსანიშნავია, რომ მაუწყებლობის თვითრეგულირება და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სწორედ მედიის სტანდარტების დაცვას ემსახურება.
"პრაქტიკით ცვლიან იმას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გადავიდეს რეგულირებაში, რაც რა თქმა უნდა ქმნის იმის რისკებს, რომ ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, მაქვს მოლოდინი ამ ყოველივეს შემდეგ, რომ მოხდება ისეთი კანონპროექტის წარდგენა, რომელიც შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას", - აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.