logo
ENG



კონგრესი რუსული გაზსადენების წინააღმდეგ

04 დეკ 201912:40
3 წუთის საკითხავი
 
p5iyf9ai1r7fq0u.jpg

შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ დღეს რუსულ გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-თან დაკავშირებით კონგრესისგან კატეგორიული მოთხოვნა მიიღო. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, რომელიც რუსეთის მიმართ ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე სასაუბროდ  შეიკრიბა, მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს, ყველა ზომა მიიღოს "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ჩასაშლელად, რომლის დასრულებამდე, სენატორების თქმით, სულ რაღაც 60 დღე რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტში ორპარტიული ერთსულოვნებაა.

ტეხასის შტატის სენატორის თქმით, იმ შემთხვევაში თუ "ჩრდილოეთ ნაკადი 2" არ ჩაიშლება, ევროპა ენერგეტიკულად უფრო მეტად გახდება დამოკიდებული რუსეთზე და მსოფლიოში ამერიკის პოზიციები უფრო შესუსტდება.

„ნება მომეცით, მოგაწოდოთ ძალიან კონკრეტული გზავნილი, თქვენს კოლეგებთან გადასაცემად. მე ამ საკითხზე სახელმწიფო მდივან პომპეოსთან, ფინანსთა მინისტრ მნუჩინთან და თეთრ სახლთან არაერთი მოლაპარაკება მქონდა. დრო აღარ ითმენს. დიპლომატიური ვარიანტების გატარების სტრატეგია, ამ შემთხვევაში, არაფრის კეთების სტრატეგიაა. ასე ჩვენ 100%-იანი დარწმუნებით მივაღწევთ გაზსადენის დასრულებას. ვლადიმირ პუტინი მილიარდებს მიიღებს. ევროპა ენერგეტიკულად უფრო მეტად დამოკიდებული გახდება რუსეთზე და მსოფლიოში ამერიკის პოზიციები შესუსტდება. ადმინისტრაციას შეუძლია მისი შეჩერება. თუკი გაზსადენის მშენებლობა დასრულდება, ეს ამ ადმინისტრაციის წევრების ბრალი იქნება, რომლებმაც თავიანთი აშკარა ძალა არ გამოიყენეს. თქვენ კონგრესისგან ორპარტიული მანდატი გაქვთ, ამ გაზსადენის შესაჩერებლად“,-განაცხადა ტედ კრუზიმ.

გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ზე, რომელმაც რუსული ბუნებრივი აირი  გერმანიას უნდა მიაწოდოს, 30 ოქტომბერს ბოლო დაბრკოლებაც მოიხსნა, როდესაც დანიამ მის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენის ნაწილის გატარებაზე გარემოსდაცვითი ნებართვა გასცა. სწორედ ამ ბოლო მარგულირებელი ბარიერის მოხსნის შემდეგ ჩქარობენ კონგრესში, ამერიკის ადმინისტრაციას პროექტის შეჩერება აიძულონ.  სენატის კომიტეტში კანონმდებლებისთვის პასუხების გაცემა დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილეებს, დევიდ ჰეილს და კრისტოფერ ფორდს უხდებოდათ. სენატორმა კრუზმა მათ უთხრა, რომ გერმანიის ელჩთან საუბრით პროექტი არ შეჩერდება და სანქციების კანონი უნდა  გამოიყენონ.

 „ჩვენ დიპლომატიურ მექანიზმებს ვიყენებთ, ამ პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით, ჩვენი მიზნის მისაღწევად. ამ ეტაპზე შევანელეთ, თუმცა არ შეჩერებულა. გერმანიის ელჩთან კი არ ვსაუბრობთ, ლიდერების მთელი რიგია ჩართული. გარკვეული დრო გვაქვს. დისკუსიის პროცესია, თუ რა მექანიზმები გაგვაჩნია და მათ შორის სანქციებიც იქნება, თუკი დავასკვნით, რომ დიპლომატიური გზით მიზანს ვერ ვაღწევთ“,-განაცხადა დევიდ ჰეილიმ.

ტონი მკაცრი აქვთ დემოკრატებსაც. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ბობ მენენდეზმა დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და თქვა, რომ სანქციებს სასურველი ეფექტი არ ჰქონდა, რადგან კონგრესის მიერ მიღებული სანქციათა კანონის განხორციელების საკითხს ადამინისტრაცია სერიოზულად არ მიუდგა.   

„ჩვენ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ კრემლის აგრესიის ამდენი მაგალითი, მომხდარი 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, უბრალოდ, მიუღებელია და საერთაშორისო ურთიერთობებში ნორმად ვერ იქცევა. უკრაინაში შეჭრა და ყირიმის უკანონო ოკუპაცია, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ოპონენტების ქიმიური იარაღით განადგურების მცდელობა,  საომარი დანაშაულების ჩადენა სირიაში, თავდასხმა 2016 წელს ჩვენს არჩევნებზე, მხოლოდ არასრული ჩამონათვალია. რუსეთი აშკარად არ არის ის ქვეყანა, რომლის ადგილიც დიდ შვიდეულშია, იმის მიუხედავად, რასაც არ უნდა  ფიქრობდეს პრეზიდენტი ტრამპი. ისევ გაუგებარია, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს, ამ საქციელს წინ აღუდგეს. ის დღემდე ამბობს, რომ კრემლის შეტევა, ჩვენს არჩევნებზე, სიცრუეა. იმეორებს კრემლის პროპაგანდის ტყუილებს, რომ არჩევნებში უკრაინა ჩაერია. ცივი ომის დროს მათ, რომლებიც გაუცნობიერებლად ავრცელებდნენ საბჭოთა პროპაგანდას, ჩვენ, ვციტირებ: "სასარგებლო იდიოტებს" ვუწოდებდით“,-განაცხადა ბობ მენენდეზმა.

სენატორების კრიტიკის საგანი დღეს თურქეთიც გახდა. თითქმის 5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემა ს400 მიიღო. ანკარის წინააღმდეგ კი სანქციები არ დაწესებულა. მას შემდეგ პრეზიდენტ ერდოღანს შეერთებულ შტატებში ვიზიტიც ჰქონდა,  რომელიც ხმაურიანი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ბობ მენენდეზმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეებისგან დღეს მოითხოვა ახსნა, თუ რატომ არ დაუწესდა სანქციები ანკარას. მითუმეტეს, როდესაც ანალოგიური ქმედებისთვის სანქციები ადმინისტრაციამ ჩინეთს დაადო.

„144 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა ს400 მიიღო. აშკარად მნიშვნელოვანი გარიგებაა, რომელიც "ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციებით პასუხის" კანონის ფარგლებში ხვდება. გასულ კვირას თურქეთმა ეს სისტემა ამერიკის მიერ წარმოებული ფ16-ის საწინააღმდეგოდ გამოსცადა. საკმარისია! კანონით გათვალისწინებული სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს“,- აცხადებს ბობ მენენდეზი.

ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, მუდმივი მოლაპარაკებები აქვს რუს კოლეგასთან და შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩთან, რათა გაახმაუროს ინფორმაცია, რომელიც ვაშინგტონს აქვს და გააფრთხილოს მოსკოვი პოტენციურ შედეგებზე, რომლებიც მის ამ ქმედებას მოყვება.  დიპლომატიური გზავნილების გარდა, ჰეილის თქმით არსებობს მთავრობის ფართო მიდგომა, რუსეთის ჩასრევისგან ამერიკის დასაცავად. 

  

 


close დახურვა