ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ რუსული აქტივების კონფისკაციასა და ანტირუსული სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი 360-მა დეპუტატმა დაუჭირა, 58 კი წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს უფლება ეძლევა განახორციელოს გაყინული აქტივების კონფისკაციის პროცედურა, რის შემდეგაც თანხები სპეციალურ ფონდებში გადარიცხოს - კომპენსაციის ფონდსა და უკრაინის მხარდაჭერის ფონდში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია აქტივების უკრაინისთვის გადაცემის ალგორითმი დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, ავსტრალიასთან და აშშ-ის სხვა პარტნიორ ქვეყნებთან შეათანხმოს.
გარდა ამისა, დღეს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.