კონგრესმენები ადამ კინზინგერი და გერი ქონოლი ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც კონგრესმენები აღნიშნავენ, ისინი იმედგაცრუებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით.
"დღევანდელი სიახლე, რომ ქართული ოცნება ტოვებს 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებას, სამწუხაროდ, ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიის წინაშე არსებულ განგრძობად გამოწვევებს.
ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ამ განვითარებით და იმით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს შეთანხმებაზე ხელი მოეწერათ. მთლიანობაში, თბილისში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციით.
მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ჩაუღრმავდნენ ვითარებას, გადააფასონ პრიორიტეტები და ერთად იმუშვონ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის და არა მისი განადგურებისთვის.
მხოლოდ საკანონმდებლო პროცესითაა შესაძლებელი მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადაჭრა. მათ, ვისაც სურს იხილოს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა, აძლიერებს, როდესაც პოლიტიკოსები უკან იხევენ, თითებს ერთმანეთისკენ იშვერენ და შეთქმულებების თეორიას ავრცელებენ.
ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ იქ, სადაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას საქართველოს დემოკრატიის მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.