ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კონგრესმენებმა იმპიჩმენტი გამოუცხადეს. რამდენიმე საათიანი ცხარე დებატების შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ორ ბრალდებას კენჭი უყარეს. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდების წარდგენა 230 ხმით 197-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, კონგრესისთვის ხელის შეშლას კი 229 ხმით 198-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. კენჭისყრა თბილისის დროით დილის 06:00 საათზე დასრულდა.
კონგრესში მიმდინარე საიმპიჩმენტო პროცედურას პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში თვალს მხარდამჭერებთან ერთად მიჩიგანიდან ადევნებდა. იმპიჩმენტის გამოცხადებამ დონალდ ტრამპისა და თავისი მხარდამჭერების იმედგაცრუება გამოიწვია.
მიმდინარე დებატების პარალელურად დონალდ ტრამპი განცხადებებს აქტიურად აკეთებდა და დემოკრატებს ამერიკის შეერთებულ შტატებზე თავდასხმაში ადანაშაულებდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოძიებას მოტივირებულს უწოდებს.
"დღევანდელი არალეგალური, არაკონსტიტუციური და პარტიზანული იმპიჩმენტით დემოკრატები არაფერს აკეთებენ. რისი გაკეთებაც მათ სურთ არის ამაზე ფოკუსირება. ისინი ამით ამერიკელ ამომრჩეველს სიძულვილს უცხადებენ. ამერიკელი ხალხი მათ უპასუხებს. ეს უკანონო, პარტიზანული იმპიჩმენტი არის პოლიტიკური თვითმკვლელობის მსვლელობა დემოკრატიული პარტიისთვის", - განაცხადა ტრამპმა.
კონგრესში მიმდინარე დებატებს ყურადღებით აკვირდებოდნენ სხვადასხვა შტატში. მოსახლეობის ნაწილი დემოკრატების გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ბილ კლინტონისა და ენდრიუ ჯონსონის შემდეგ აშშ-ის მესამე პრეზიდენტი გახდა, რომლის წინააღმდეგაც იმპიჩმენტის პროცედურა განხორციელდა. პრეზიდენტის პოსტზე დარჩენასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სენატმა უნდა მიიღოს, სადაც ტრამპის თანაპარტიელები, რესპუბლიკელები უმრავლესობას ფლობენ. სენატში საიმპიჩმენტო სასამართლო იანვრიდან დაიწყება.