logo
ENG



კონკურსი ლიტერა წელს აღარ ჩატარდება - მწერალთა სახლის განცხადება

02 აგვ 202115:08
3 წუთის საკითხავი
 

მწერალთა სახლი ლიტერასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან მოხსნილია 92, რის გამოც წელს კონკურსი არ ჩატარდება. 

მწერალთა პროტესტი კულტურის სამინისტროს მიერ ჟიურის წევრის დანიშვნამ გამოიწვია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წულუკიანის მიერ ჟიურის წევრის დანიშვნის შემდეგ მწერალთა სახლი სამინისტროსთან კომუნიკაციას ეცადა, თუმცა ამას უწყებიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

"ლიტერატურული პრემია ლიტერა 2015 წელს მწერალთა სახლის ინიცირებითა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. პრემია ყოველწლიურია და 6 ნომინაციაში გაიცემა. 

წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 (03.06.2021) ბრძანებით, შეიცვალა ჟიურის დაკომპლექტების წესი: სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს.

შესაბამისად, ლიტერას ჟიურიში, რომლის ხუთივე წევრსაც აქამდე მწერალთა სახლი ირჩევდა და სამინისტროს წარუდგენდა შესათანხმებლად, წელს პირველად ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეარჩია. მწერალთა სახლი ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მწერალთა სახლმა, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა. ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად შეაფასა.

შესაბამისად, მწერლებისა და გამომცემლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და უკან გაითხოვა საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადები. მუშაობაზე უარი თქვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან დღეისთვის მოხსნილია 92 წიგნი.

არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება.

მწერალთა სახლი იმედს იტოვებს, რომ სამინისტროსთან და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს არსებულ სიტუაციას და გამონახავს საუკეთესო გამოსავალს მომავალი წლისთვის. მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა",- ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობილი გახდა, რომ წელს პირველად ლიტერატურული პრემია ლიტერას ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

პრემია ლიტერა ჟიურის 4-მა წევრმა და კონკურსანტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს მიერ დანიშნული წარმომადგენელი დარჩა.

29 ივლისს ლიტერას კონკურსანტებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართეს, რომ სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი გაიწვიონ.

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ "ამ კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვთ, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი სამინისტროს წარმომადგენელია". უწყებაში ამბობენ, რომ ლიტერატურული კონკურსი ლიტერას ჩატარება მათი უფლებამოსილება არაა და მასზე პასუხისმგებელი სრულად მწერალთა სახლია. 

ვინ არის სამინისტროს მიერ დანიშნული ჟიურის წევრი, წაიკითხეთ აქ. 


close დახურვა