logo
ENG



კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფი: რუსეთში, ნიკოლსკოიეში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინიდან არ უსვრიათ

02 აპრ 202217:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/02/i4fsx9l6cjjvrsq.png

კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფი, აცხადებს, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქის სოფელ ნიკოლსკოიეში ჩამოვარდნილი რაკეტა  რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ან აღმოსავლეთ ნაწილიდან ისროლეს, რაც გამორიცხავს ამ შემთხვევაში უკრაინის ჩართულობას. ჯგუფმა ამის შესახებ საკუთარ ტელეგრამის გვერდზე დაწერა.

კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთში შეიქმნა და 2014 წლიდან კონფლიქტებში რუსი სამხედროების ქმედებებს იკვლევს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელგოროდის მერმა ვიაჩისლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდში ნავთობის საცავზე თავდასხმის გარდა რაკეტა ჩამოვარდა სოფელ ნიკოლსკოიეში, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. თუმცა არავინ დაშავებულა.

რუსულმა მედიამ და ხელისუფლებამ პირველ აპრილს ბელგოროდის თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა.

დაზვერვის ჯგუფის ინფორმაციით, გუშინ ბელგოროდის ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე ჩავარდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ბელგოროდის სამხრეთ ნაწილში ნიკოლსკოიეს ტერიტორიაზე უცნობი რაკეტის ჩამოვარდნას ასახავდა.

„ჩვენ დავადგინეთ გადაღების ადგილის გეოლოკაცია იმ მომენტში, როცა რაკეტა ჩამოვარდა. აღმოჩნდა, რომ ვიდეოჩამწერი მომენტს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით იღებდა, რაკეტა კი მარცხნიდან მოფრინავს, ანუ აღმოსავლეთიდან ან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, რაც იმას ნიშნავს ეს რუსეთის ტერიტორიიდან მოხდა", - წერს ჯგუფი ტელეგრამზე. 

მათი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ თავდასხმა უკრაინიდან მოხდა რაკეტები დასავლეთიდან ან სამხრეთ-დასავლეთიდან უნდა ესროლათ.

გარდა ამისა, დარტყმის შედეგად გაჩენილი კრატერის მიხედვით თავდასხმისას გამოყენებული იყო ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტა, რისი უკრაინის მხრიდან გამოყენების შემთხვევები ამ ომის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

დაზვერვის ჯგუფი აცხადებს, ისინი ამ ინციდენტში უკრაინის ჩართულობას გამორიცხავენ, თუმცა ნავთობის საცავზე ინფორმაციას არ ფლობენ.

„ჩვენ არ შეგვიძლია გადაჭრით განვაცხადოთ, ეს ინციდენტი რაკეტის არასწორი მიმართულებით გასროლამ გამოიწვია თუ მართვის შეცდომამ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოვლენა თითქმის არ გააშუქა რუსეთის სახელისუფლებო მედიამ, რუსეთის მხრიდან რუსეთსავე ტერიტორიაზე რაკეტის მიზანმიმართული გაშვება უკრაინელების ბრალდების მიზნით ჩვენ არადამაჯერებლად გვეჩვენება. რაც არ უნდა იყოს, ნავთობის საცავზე თავდასხმისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ გამოვრიცხოთ ამ ინციდენტში უკრაინის ჩართულობა“, - წერია კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფის განცხადებაში


close დახურვა