logo
ENG



კორონა ვირუსის პირველი შემთხვევები დღეს მსოფლიოს კიდევ სამ ქვეყანაში გამოვლინდა

31 იან 202020:03
3 წუთის საკითხავი
 

 

მომაკვდინებელი ვირუსის პირველი შემთხვევები დღეს მსოფლიოს კიდევ სამ ქვეყანაში გამოვლინდა. ორი შემთხვევა დადასტურდა რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში. ვირუსის დიაგნოზი ყველა შემთხვევაში ჩინეთის მოქალაქეებს დაუსვეს. რომში ინფიცირებული ტურისტების მოხვედრის გამო იტალიის ხელისუფლებამ ქვეყანაში 6 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჩინეთთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. შორეულ აღმოსავლეთში საზღვრის 4 ათას კილომეტრიანი მონაკვეთი ჩაკეტა რუსეთმაც.

დიდი ბრიტანეთი ჩინეთიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს, პრევენციის მიზნით, ორ კვირიან კარანტინში მოათავსებს. ანალოგიურ ზომებს მიმართავენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ისრაელიც, რომელმაც ჩინეთიდან რეისების მიღება აკრძალა. საკუთარი მოქალაქეების გამოსაყვანად უხანში შეიარაღებული ძალების კუთვნილი თვითმფრინავი გაგზავნა გერმანიამ. ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსის 6 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, გასული 24 საათი ჩინეთისთვის ყველაზე ტრაგიკული იყო. ერთ ღამეში ინფექციას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა. დაავადებულთა რაოდენობა კი უკვე 10 ათასს უახლოვდება. უხანში ზღვის პროდუქტების ის ბაზარიც დაკეტეს, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრად მიიჩნევა.

ჩინეთის გარდა, საშიში ვირუსი მსოფლიოს 22-რ ქვეყანაში 140-ზე მეტ ადამიანს დაუდგინეს. იმის გამო, რომ დაავადება უკვე ჩინეთის ფარგლებს გარეთაც ადამიანიდან ადამიანზე გადადის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 


close დახურვა