logo
ENG



კორონავირუსი - ამერიკა ბრალს ჩინეთს უყენებს, ევროკავშირი იტალიას ბოდიშს უხდის

16 აპრ 202020:54
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო 4 კვირაში შეერთებულ შტატებში სამსახური 21 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაკარგა.  მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი ქვეყანაში უკვე 31 000 მიუახლოვდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ პიკმა უკვე გადაიარა და თვის ბოლოს ზოგიერთ შტატში კარანტინის გაუქმებასაც პროგნოზირებს.

პარალელურად, ისმის ბრალდებები ჩინეთის მიმართ, ამერიკის სპეცსამსახური უკვე სწავლობს თეორიას, რომლის მიხედვითაც ვირუსი ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა. რთულ პერიოდს წინასწარმეტყველებს ევროპისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ევროკავშირი კი იტალიას ბოდიშს უხდის. 

ურსულა ფონ დერ ლაიანმა იტალიელებს ბოდიში ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოუხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა  სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი სათანადოდ სოლიდარული არ იყო როდესაც იტალიის მიმართ, როდესაც მას ყველაზე მეტად უჭირდა. ფონ დერ ლაიანის წერილობით და სიტყვიერ ბოდიშს წინ უძღოდა იტალიელებში არსებული იმედგაცრუება, რასაც დაემმატა მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებები, რომ იტალიის ევროკავშირში დარჩენა აზრს კარგავს. 

იტალია თვენახევარია კარანტინშია. მოქალაქეების ტესტირება აქ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. დღეს ტურინში განმეორებითი ანალიზი ჩაუტარეს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მკურნალობის კურსი საკუთარ სახლებში გაიარეს. იტალიაში დღემ უმსხვერპლოდ ჩაიარა. მაგრამ მისგან განსხვავებით ესპანეთში კოვიდ 19-ით გარდაცვალების 551  ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებისთვის რთული დღეები კვლავ წინაა. 

დიდ ბრიტანეთში, სადაც დღეს კიდევ 861 ადამიანი დაიღუპა, საკარანტინო რეჟიმის სამი კვირით გახანგრძლივებას აპირებენ. 3 მაისამდე გაახანგრძლივეს შეზღუდვები გერმანიამ და ბელგიამ. საფრანგეთში კი კარანტინი 10 მაისამდე გაგრძელდება. საფრანგეთის საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა  ავიამზიდ შარლ დე გოლის ბორტზე დაინფიცირების შემთხვევების გამოძიებას შეუდგა. 1767-დან კორონავირუსი 668 მეზღვაურს დაუდგინდა.   

 


close დახურვა