კორონავირუსით დაინფიცირებული ყველაზე მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ქვეყანას მოდუნების უფლება არ აქვს და აუცილებელ მობილიზაციაზე გადადის. ასეთია სპეციალისტებისა და მთავრობის გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა. საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა.
დაწესდა ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები. მათ შორისაა, სავალდებულო კარანტინი, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების დისტანციური მუშაობა, თვითიზოლაციის საპოლიციო კონტროლი. 1 აპრილამდე შეწყდა სასწავლო პროცესი. ასევე, 13 აპრილამდე წვევამდელებს ჯარში აღარ გაიწვევენ. არ არის გამორიცხული, მალე ქვეყანაში ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კონორავირუსთან საბრძოლველად მთავრობა სამ შესაძლო სცენარს ამუშავებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში ქვეყანა აღმოჩნდება მაშინ, როდესც 400-მდე მძიმე დაინფიცირებული პაციენტი აღირიცხება. ასევე საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში მაშინ გამოცხადდება, როდესაც კორონავირუსის შიდა გადაცემა დაფიქსირდება.
ოპოზიცია ხელისუფლებისგან დროულ და მკაცრ რეაგირებას მოითხოვს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მოქალაქეების დიდ ნაწილს მთავრობის მითითებების შესრულება არც დაუწყია. მათი განცხადებით, ხელისუფლებას გრძელვადიანი გეგმა არ აქვს, რაც კორონავირუსთან ბრძოლაში დამატებით პრობლემებს შექმნის.
დღის ბოლოს კი საქართველოს მთავრობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. რეგულაციები უკვე ამოქმედდა. საფრანგეთიდან , ავსტრიიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2 კვირიან სავალდებულო კარანტინში გადაიყვანენ. იქამდე ეს შეზღუდვები მხოლოდ 4 ქვეყანას ეხებოდა: იტალიას, ირანს, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს. ყველამ, ვინც ამ ქვეყნებიდან საზღვარს გადმოკვეთს, მესაზღვრეებს დამატებით დოკუმენტად, კორონავირუსზე ტესტირების ცნობა უნდა წარადგინონ.