დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მორიგი შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 21 ნიმუშიდან 5-ის პასუხი არის უარყოფითი, რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.
„დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩინეთში მნიშვნელოვნადაა შემცირებული დაავადებულთა რიცხვი, იკლო სიკვდილიანობამაც. ჩინეთს გარეთ ეპიდ.სიტუაცია უარესდება და მოიცვა 80-მდე ქვეყანა. ჩინეთს გარეთ ქვეყნებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება სამხრეთ კორეაში, იტალიას გადაასწრო მონაცემებით ირანმა. შემდეგ მოდის იაპონია, გერმანია, საფრანგეთი და აშშ. საქართველოში ეპიდ. სიტუაცია დიდად არ შეცვლილა გუშინდელთან შედარებით - დღევანდელი რიცხვით სულ ქვეყანაში, მოყოლებული 30 იანვრიდან, არის 239 შესაძლო შემთხვევა, დადასტურებულია სამი შემთხვევა. დღეს ლუგარის ცენტრში სულ არის გამოგზავნილი 21 ნიმუში, აქედან 16 გახლდათ ინფექციურიდან, 5 - იმერეთიდან. ამ უკანასკნელთა ტესტირება დასრულებულია და გახლავთ უარყოფითი. კარანტინში დღეს იმყოფება სულ 140 ადამიანი", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეკომენდაციების მნიშვნელობასაც და განაცხადა, რო უმნიშვნელოვანესია ამ პირობებში სხვადასხვა სექტორის ერთიანი მუშაობა - მისი განცხადებით, სწორედ ასეთი მუშაობაა წარმატების მომტანი.
„კიდევ ერთხელ დავიცვათ რეკომენდაციები. ასევე, მინდა დავიწყო მადლობით, ყველა ჩართულ ორგანიზაციას - შედეგია, რომ სამზე მეტი შემთხვევა არ გვაქვს და ამაში დიდია როლი მულტისექტორული მუშაობისა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში სულ სამი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება - სამივე პაციენტი მკურნალობას გადის და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.