იტალიაში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელთა უმეტესობა ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გამოვლინდა, 650-მდე გაიზარდა. თითქმის 2-ჯერ გაიზარდა დაავადებულების რაოდენობა გერმანიასა და საფრანგეთში. 500-ზე მეტი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული სამხრეთ კორეაში, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მასშტაბური ზრდაა. დაინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ნიდერლანდებსა და რუმინეთში. ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევები 11-მა ევროპულმა ქვეყანამ დაადასტურა. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით ახალი ვირუსით დაინფიცირებულია 83 000-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა რაოდენობა კი 2 858-ს აღწევს. კორონავირუს კოვიდ-19-სგან 36 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.