ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინწინ საავადმყოფოში მოთავსებული 19 პაციენტიდან 12 აბასთუმანში, ე.წ. საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
ეზუგბაიას თქმით, დღეს კლინიკას კიდევ სამმა ადამიანმა მიმართა. მათი კვლევის შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. შესაბამისად, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი რჩება.
"3 ახალი პაციენტია, რომლის კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში გაგრძელდება. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტს, ეს პაციენტი მაღალი სიფრთხილის გამო მოთავსებულ იქნა ჩვენს ცენტრში, რადგან ჩამოვიდა ირანის იმ ნაწილიდან, სადაც დაფიქსირებულია გარდაცვალების შემთხვევაც. ამ პაციენტს შემოსვლისას არანაირი კლინიკა არ აღენიშნებოდა, არც მაღალი ტემპერატურა და არც ჩივილები. ის გადმოიყვანეს ჩვენთან, ჩაუტარდა გამოკვლევა და დადასტურდა ვირუსი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს, თუმცა ეს დაავადება ხასიათდება იმით, რომ შეიძლება დამძიმდეს პნევმონიის სახით. მიმდინარეობს მისი მეთვალყურეობა. მასთან ერთად მყოფ პირს რაც შეეხება, მას ვირუსი არ დაუდგინდა. 3 პაციენტი - კონტაქტი არის მილანთან, სიცილიასთან და ირანთან, მათ აღენიშნებოდათ დაბალი ტემპერატურა. ვინაიდან იყვნენ იმ ქვეყნები ვფრთხილობთ, ამიტომ გადმოვიყვანეთ. ვუტარებთ ვირუსზე ტესტირებას. გაუმჯობესდა მათი მდგომარეობაც. ჩაუტარდებათ კვლევა და გადაწყდება ინკუბაციური პერიოდიც", - აღნიშნა აზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოშო კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოდიოდა, რა დროსაც ის საზღვრიდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.