ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე ინფიცირებულების წყაროს დადგენა მიმდინარეობს, რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, 3 პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი საკარანტინო სივრციდან არის.
„დაგვემატა კვლავ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ 2 პაციენტია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 112 პაციენტი მკურნალობს. 5 ახალი შემთხვევიდან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინო სივრციდან, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 973 შეადგინა.