კორონავირუსით ინფიცირებულთათვის იზოლაციის ვადები მცირდება. გარკვეული პროფესიებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 6 დღე, დანარჩენებისთვის - დადასტურებიდან 7 დღე. ეს ეხება უსიმპტომო პაციენტებს, სიმპტომიანებს კი იზოლაცია კვლავ 10 დღე მოუწევთ.
"სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში" დასაქმებული პირებისთვის, ვირუსის მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, იზოლაცია დასრულდება დადასტურებიდან მე-6 დღეს. ამ სიაშია:
- სამედიცინო დაწესებულებები;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
- შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
- საქართველოს პროკურატურის სისტემა;
- ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, სიმპტომების გასვლიდან 24 საათი უნდა იყოს გასული და მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება 5 დღის განმავლობაში.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათთვის იზოლაცია დასრულდება დადასტურებიდან 7 დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში სწრაფი ტესტი არ არის საჭირო.
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი - დადასტურებიდან მინიმუმ 10 დღე.