კიდევ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო ზომები შემოიღეს. სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტების გარდა, ყველა საჯარო ადგილი იხურება საფრანგეთში. ქვეყანაში 4500 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 91 ადამიანი.
საჯარო თავშეყრის ადგილები დაიხურა ესპანეთშიც. განცხადება ქვეყნის პრემიერმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა. კორონავირუსი დაუდასტურდა მის მეუღლესაც. კარანტინშია ქვეყნის დედოფალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მინისტრთა კაბინეტის იმ წევრებს შეხვდა, რომლებსაც დაავადება დაუდასტურდათ. დაავადება ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება. უკვე დაფიქსირებულია 5700 შემთხვევა. 180 გარდაიცვალა.
კარანტინი ნარჩუნდება იტალიაშიც, სადაც ჩინეთის შემდეგ დაავადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა.
ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყანაში 21 ათასზე მეტ ადამიანს აქვს. გარდაცვლილია 1441. კორონავირუსი არ დაუდგინდა დონალდ ტრამპს, რომელმაც ტესტი დაავადებაზე გუშინ ღამით ჩააბარა. დაავადების გავრცელების გამო დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი გადაიდო ჯორჯიის შტატში. დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ ნიუ იორკში, მთლიანად ქვეყანაშ კი ვირუსის მსხვერპლის რაოდენობამ 50-ს მიაღწია. ევროპის სხვა ქვეყნების შემდეგ შეერთებული შტატების საჰაერო მიმოსვლას დიდ ბრიტანეთთან და ირლანდიასთანაც აჩერებს.
ორშაბათიდან კარანტინი გამოცხადდება ლიტვაში. საჯარო თავშეყრის ადგილები იხურება ისრაელში. პორტუგალიაში კი, სადაც საჯარო თავშეყრის ადგილები ასევე დახურულია, ადგილობრივებმა მედიკოსებს მადლობა თავდადებისთვის აპლოდისმენტებით გადაუხადეს.