სინოდის სხდომიდან 10 დღის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მღვდელმთავრები კიდევ შეიკრიბონ. ამის შესახებ დღეს საპატრიარქოს პრესსპიკერმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება ჩატარდეს სინოდის მორიგი კრება, თუმცა განაცხადა, რომ საპატრიარქოს მიერ გაცემულმა რეკომენდაციებმა შესაძლოა, მოთხოვნის ფორმა მიიღოს.
იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში უკვე 1 კვირაა, საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული და კორონავირუსის გავრცელების რისკი დღითიდღე იზრდება, დღეს ეკლესიებში კვლავ ხალხმრავლობა იყო. ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. წირვის დროს ტაძარში მყოფი მომლოცველები სოციალურ დისტანციას მაქსიმალურად იცავდნენ, თუმცა არა ზიარების დროს.
ბოდბის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აღიარებს, რომ სოციალური დისტანციის დაცვა შესაძლოა, ყოველთვის ვერ ხერხდებოდეს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამის რეგულირებასაც შეძლებს. ამასთან, ეპისკოპოსი იმ სასულიერო პირებს აკრიტიკებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო, მრევლს ეკლესიაში მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
მთავარეპისკოპოსთან სტუმრად დღეს საქართველოს პატრიარქი იმყოფებოდა. ილია მეორემ წირვა მხოლოდ სასულიერო პირების თანდასწრებით ჩაატარა, რადგან მრევლი ამ დროს ეკლესიის გარეთ იცდიდა.
ადამიანები ეკლესიასა და უფალს არ უნდა დაშორდნენ - ეს იყო პატრიარქის მოსაყდრის მთავარი გზავნილი დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, თუმცა ამავდროულად, მეუფე შიომ მრევლს ხელისუფლების რეკომენდაციების დაცვისკენაც მოუწოდა.
შეგახსენებთ, სინოდმა ბოლო გადაწყვეტილებით, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში არც ღვთისმსახურება შეაჩერა და არც ზიარების წესი შეცვალა.