logo
ENG



კორონავირუსის გამო ქალაქი პანიკის ზღვარზეა - გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები

27 თებ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

ერთი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდებიან თბილისში ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული პაციენტები, მათ შორისაა ფოთიდან თბილისიის ინფექციურ კლინიკაში გადმოყვანილი 18 წლის გოგო, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა იტალიაში მოგზაურობის შემდეგ ჩაუტარდა. ის იტალიაში სიცილიაში მესინას პროვინციაში 1 კვირა იმყოფებოდა. იტალია ჯერჯერობით არ არის იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთანაც საჰაერო მიმოსვლა საქართველომ აკრძალა.

ვირუსის საფრთხის გამო ფრენები შეჩერებულია ჩინეთთან და ირანთან. ირანთან ჩაკეტილია სახმელეთო საზღვარიც. ვირუსი კი გუშინ დაუდგინდა საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან საქართველოში შემოვიდა. მას შემდეგ რაც ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცი მოათავსეს - დანარჩენი პაციენტების ნაწილი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. აბასთუმნის საავადმყოფოში 19 პაციენტია იზოლირებული და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. დღის ბოლოს  ინფექციურ საავადმყოფოდან 2 პაციენტი - ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.  ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება. აქედან, 6 პირთან კორონავირუსის დაინფიცირების საფრთხე გამოირიცხა და ისინი საკარანტინო განყოფილებაში გადავლენ.

მოქალაქეები პანიკის ზღვარს მიუახლოვდნენ, მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ეპიდემიის საფრთხე ქვეყანას არ ემუქრება. პირველივე შემთხვევის დადასტურებისთანავე, აფთიაქები პირბადეებისგან დაიცალა, სასურსათო მაღაზიებში კი დადგა რიგები. ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების შემოსვლა გამკაცრებულია. ქვეყანაში შემომსვლელთა კონტროლი ხორციელდება აეროპორტებშიც. იმ ქვეყნებიდან, სადაც ვირუსია გავრცელებული თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებმა რამდენიმე რეისი მიიღო. 


close დახურვა