logo
ENG



კორონავირუსის გამო ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ონლაინ ჩატარდება

17 მარ 202021:21
3 წუთის საკითხავი
 

ეპიდსიტუაციის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქვეყნის ისტორიაში პირველად ონლაინ ჩატარდება. შესაბამისი ინიციატივით საკანონმდებლო ორგანომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა. საყოველთაო-სახალხო კომისია პარლამენტმა ოპოზიციის მონაწილეობით დაამტკიცა.

რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთით, მხოლოდ კენჭისყრის პროცედურისთვის მივიდნენ. მათ საკნონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს და  საკუთარი წევრები  წარადგინეს - „ევროპული საქართველოს" ინტერესებს - სერგი კაპანაძე; "ნაციონალური მოძრაობისას" კი თინა ბოკუჩავა დაიცავს. თუმცა ამ კომისიაში ოპოზიციის ჩართვა ჯერ  მხოლოდ ფორმალურია. თუ „ოცნება" პირობას სრულად არ შეასრულებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. „ოცნებას" ოპონენტები საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სთხოვენ.

ოპონენტების პრინციპულ მოთხოვნას „ოცნება" ისევ ცინიზმით პასუხობს. ჯერ იყო გია ვოლსკი, რომელმაც ოპოზიციას შეახსენა, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს; შემდეგ კი, ირაკლი კობახიძე, რომელიც პოლიტიკური შეთანხმების აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირადად არის - ის პოლიტიკურ დიალოგშიც მონაწილეობდა და ელჩებთან არაფორმალურ შეხვედრებსაც ესწრებოდა.

საკონსტიტუციო კომისიაში საკუთარი წარმომადგენლები „პატრიოტთა ალიანსსა" და დამოუკიდებელ დეპუტატებსაც ეყოლებათ. თუმცა ამის მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიცია  უკმაყოფილოა. დეპუტატები „ოცნებას" ოპოზიციის ნაწილთან გარიგებაში ადანაშაულებენ.

საკონსტიტუციო კომისიის დამტკიცების შემდეგ საერთო სახალხო განხილვები დაიწყება. პირველად ისტორიაში ეს დისტანციურად მოხდება. კომისია ახლა კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს. ინტერაქცია სავარაუდოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით მოხდება - ცვლილებებს მოსახლეობა სატელევიზიო ეთერით გაეცნობა - კითხვებს კი, ინტერნეტის საშუალებით დასვამს. 


close დახურვა