logo
ENG



კორონავირუსის ეფექტი ლარზეც აისახა - სპეციალისტები მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

10 მარ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის ნეგატიური ეფექტი ეროვნულ ვალუტაზე უკვე აისახა. მსოფლიო მასშტაბის პანიკა და ჩაკეტილი საზღვრები ერთ-ერთი მიზეზია, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია. ტურიზმის სექტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია, კორონავირუსისგან გამოწვეული დარტყმის ზიანს ითვლის.

ლარზე გავლენა რუბლის გაუფასურებამაც მოახდინა, რადგან "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში რუსეთზე სავაჭრო-ეკონომიკური ბმა და შესაბამისად, დამოკიდებულება გაზრდილია. ეს დღეს სპეციალისტების მხრიდან მთავრობის კრიტიკის საფუძველი გახდა. სუსტი ლარი მალე სავარაუდოდ, ფასების ზრდას გამოიწვევს, თუ ხელისუფლებამ დროულად არ იმოქმედა.

მოსახლეობა პროდუქტებზე გაზრდილ ფასებზე საუბრობს და იმედი არ აქვთ რომ ფასების მატება არ გაგრძელდება. პროგნოზი სავარაუდოდ გამართლდება, რადგან ლარი დროებითი გამყარების შემდეგ ისევ გაუფასურდა. გამომწვევ მიზეზად ექსპერტები კორონავირუსს და მის გამო ტურიზმის სექტორში შექმნილ კრიზისს ასახელებენ. ეროვნულ ვალუტაზე ზეგავლენა მათი თქმით, ნავთობის ფასის ვარდნამაც გამოიწვია. ეს კი ხელისუფლებას ორი კვირის წინ უკვე უნდა სცოდნოდა.

სპეციალისტები ლარის გაუფასურების პირობებში ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ კრიზისულ გეგმაზე გადავიდნენ. ბიუჯეტის გადახედვისა და ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციაც.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო კორონავირუსს დაამარცხებს და ლარის გაუფასურებაც შეწყდება.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები ლარის კურსის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას ელიან. მათი გათვლებით, არ არის გამორიცხული, დოლარის ღირებულებამ რამდენიმე თვეში 3 ლარს გადააჭარბოს.


close დახურვა