logo
ENG



კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა - ქვეყანაში საკარანტინო ზონებში მყოფი პირების რიცხვი იზრდება

05 მარ 202020:04
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში. ინფექციურ კლინიკაში უკვე მეოთხე პაციენტი მკურნალობს. ქვეყანაში იზრდება საკარანტინო ზონებში მყოფი პირების რიცხვიც და მკაცრდება პრევენციული ზომები, თუმცა რეკომენდაციის მიუხედავად, საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლაზე ისევ უარზეა. ეს წესი უკვე შეცვალა ევანგელისტურმა ეკლესიამ საქართველოში. სახელმწიფოსგან მითითების შემთხვევაში კი პარასკევის ლოცვის შეჩერებას გეგმავს მუსლიმთა კავშირი.

წინა სამი პირისგან განსხვავებით, ახლად დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 44 წლის კაცი, რომელიც პროფესიით ექიმია, კვირას იტალიიდან ჩამოფრინდა, სიმპტომები კი მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოუვლინდა და კლინიკაში მაღალი ტემპერატურით მივიდა. ახლა სპეციალისტები ეძებენ ყველას, ვისაც ამ დღეებში დაინფიცირებულთან შეხება ჰქონდა, მათ შორის მგზავრებს იტალიიდან.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული პირველი სამი პაციენტიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაზღუდად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კი გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ინკუბაციის ორი კვირა თვითიზოლაციაში გაატარონ. პაციენტები რომლებიც დაკვირვებას საჭიროებენ კარანტინში არიან. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 24 პაციენტია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მოქალაქეები კი, რომლებიც ირან-აზერბაიჯანის საზღვრის ჩაკეტვის გამო, ირანის ტერიტორიაზე დარჩნენ, საქართველოში გადმოიყვანეს. მათი ტრანსპორტირება, პროტოკოლის დაცვით მოხდა. საქართველოს საზღვარზე,  შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ და უკვე გადაყვანილები არიან საკარანტინო დაწესებულებაში. კორონავირუსის თემაზე ამერიკის ელჩი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ქვეყანა გლობალურ კრიზისს თავს კარგად ართმევს.

კორონავირუსის გამო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა შეწყდა. ხვალ გახდება ცნობილი შეწყდება თუ არა კერძო ბაღებშიც სააღმზრდელო პროცესი.  გარდა ამისა, შესაძლოა, ირანისა და ჩინეთის შემდეგ ავიამიმოსვლა იტალიაშიც შეიზღუდოს.  

 


close დახურვა