logo
ENG



კორონავირუსის პრევენციისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე აეროპორტში საველე კარვები დამონტაჟდა

02 მარ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 

 

კორონავირუსის პრევენციისთვის საქართველოს ყველა სახმელეთო სასაზღვრო პუნქტსა და ქვეყნის მასშტაბით სამივე აეროპორტში საველე კარვები დამონტაჟდა. მგზავრებს, რომლებსაც ტემპერატურა და ვირუსის სიმპტომები ექნებათ, საჯარო მოსაცდელის ნაცვლად, სპეციალურად მოწყობილ კარვებში გადაიყვანენ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დღეს დამატებით 5 პაციენტი შეიყვანეს. 5-ვე მილანიდან ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და დღეს კლინიკას თვითონ მიაკითხეს. მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები, სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი .

ინფექციური საავადმყოფოდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16 ლაბორატორიული ნიმუშიდან, 8 შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. კიდევ 8-ს შედეგი დღეს ელოდებიან. რესპუბლიკურმა საავადმყოფომ საკარანტინო ზონაში 18 პაციენტი, მათგან 2 აზერბაიჯანის მოქალაქე დაკვირვების ქვეშ რჩება.

კიდევ ერთი საკარანტინო ზონა გაიხსნა გორში. სამხედრო ჰოსპიტალიდან პაციენტები შიდა ქართლის სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს.

ცენტრალური ბიუჯეტიდან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 1 მილიონი ლარი გამოიყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საკარანტინო ზონებში ქვეყნის მასშტაბით 97 მოქალაქე რჩება. საზღვრებზე შემოწმებული 1600 ადამიანიდან, სამკურნალო დაწესებულებაში სიმპტომებით 2 პირი გადაიყვანეს. სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მედიკოსებთან ითანამშრომლონ.

კორონავირუსის პრევენციის სპეციალური უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, დეზინფექციას სახელმწიფო რკინიგზა მატარებლებსა და სადგურებში ჩაატარებს. ასევე გაუქმდა ხალხმრავალ ადგილებში დაგეგმილი ღონისძიებები. 16 მარტამდე დაგეგმილი სპექტაკლები გააუქმეს თეატრების დიდმა ნაწილმაც. დეზინფექცია მიმდინარეობს ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღებშიც. სასწავლო და სააღმზდელო პროცესი 16 მარტამდე არ განახლდება. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სწავლის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტიელაბს ვირუსზე დაკვირვების შემდეგ მიიღებენ.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციაც. საქართველოში სულ კორონავირუსის 171 საეჭვო შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა მათგან ლაბორატორიულად 3 შემთხვევაში დადასტურდა ვირუსი. სამივე საქართველოს მოქალაქეა, მათგან 2 ირანში, 1 კი იტალიაში მოგზაურობდა.

 


close დახურვა