logo
ENG



კორონავირუსის სამშობლოდან საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოდის

21 თებ 202020:00
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის სამშობლოდან საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოდის. ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უწყებები მთელი დღის განმავლობაში მალავდნენ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინეთიდან საქართველოში 34 მოქალაქე ბრუნდება. მათ აეროპორტში ეპიდემიოლოგებისგან და ექიმებისგან შემდგარი გუნდი დახვდებათ, რომლებიც ადგილზე შეამოწმებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აღენიშნება, მაგრამ მიუხედავად ამისა სიფრთხილის გამო ისინი კარანტინს საჩხერეში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროში გაივლიან.

„ეს მოქალაქეები გარკვეული ხნის განმავლობაში ჩინეთში სხვადასხვა ლოკაციებზე იმყოფებოდნენ. მოხერხდა მათთან დაკავშირება და გაირკვა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჰქონდათ თუ არა სურვილი საქართველოში დაბრუნებულიყვნენ. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თავად ტრანზიტული რეისებით დაბრუნდნენ სხვადასხვა დროს. ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეშ, საფრანგეთის და თურქეთის ხელშეწყობით კარანტინის შემდეგ უკვე დაბრუნდნენ ქვეყანაში. დღეს ველოდებით საქართველოს 34 მოქალაქეს, რომლების საქართველოში დაბრუნდებიან. მათ დახვდებათ ეპიდემიოგებისგან და ექიმებისგან შემდგარი ბრიგადა. მათ გამოფრენამდეც ჩაუტარდათ წინასწარი შემოწმება. არცერთ მათგანს ამ წუთის მდგომარეობით არ უფიქსირდებათ არავითარი ნიშანი, რომ კორონავირუსი აღენიშნებოდეთ. თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, გათვალისწინებულია 2 კვირიანი კარანტინის გავლა. ეს მოხდება სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. კარანტინის გავლა იქნება მნიშვნელოვანი.“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით ჩინეთიდან ხალხის ჩამოყვანა ევაკუაცია არ არის. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, საგარეო უწყებას ააქვს იმის საშუალება, რომ ხელი შეუწყოს ჩინეთში მყოფ მოქალაქეებს თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებისთვის.

მისივე თქმით, კარანტინში განთავსების შემდეგ, 34 მოქალაქე თავიანთ სახლებში დაბრუნდება.

„იმ ხალხს, რომლსაც საშუალება არ აქვს შეიძინოს ბილეთები ჩვენ შევძელით ამ ადამიანებისთვის ხელი შეგვეწყო და წამოგვეყვანა. ეს არა არის ევაკუაცია, ჩვეულებრივი რეისია. სახელმწიფო მზადაა რომ მიიღოს ისინი, განათავსოს კარანტინში გაატაროს შემოწმება და შემდეგ სახლებში დააბრუნონ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.


close დახურვა