მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონ 300 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 75 ათასამდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში პანდემიით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ს ქვეყანაში 833 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც დაღუპულთა რაოდენობამ მთლიანობაში ცხრა ათასს მიაღწია. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ტემპის შენელების შემდეგ იტალიაში მსხვერპლთა რაოდენობამ კვლავ მოიმატა. მხოლოდ გუშინ კოვიდ 19-ით იტალიაში 636 ადამიანი გარდაიცვალა. მეოთხე დღეა პანდემიით გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო ესპანეთში. 439 ადამიანი დაიღუპა და ოთხი ათასამდე დაინფიცირდა დიდ ბრიტანეთში. სიკვდილიანობის ზრდა დაფიქსირდა თურქეთშიც. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თურქეთის ხელისუფლებამ ათათურქის აეროპორტის ტერიტორიაზე ათას პაციენტზე გათვლილი ორი საავადმყოფოს აშენების გადაწყვეტილება მიიღო.