კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სამოქმედო გეგმა, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო, არ გამოქვეყნებულა. დაპირება ხელისუფლებამ ორი დღის წინ გასცა, როცა დროებით ირანთან მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა აკრძალა, ამის შემდეგ რისკის ქვეყნებს იტალია და სამხრეთ კორეა დაემატა.
„ფორმულასთვის“ ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა უწყება ვერ თანხმდება კონკრეტულ სანქციებზე და სწორედ ამიტომ გაიწელა დროში სამოქმედო გეგმის წარდგენა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი ამბობენ, რომ ირანში დაავადების მასშტაბი ბევრად დიდია და რიცხვები სიმართლეს არ შეესაბამება.
„დამთავრდა საბოლოო ტექსტზე მუშაობაა და ის გადის უწყებებში ექსპერტიზას. ირანი ადასტურებს 68 შემთხვევას და 12 სიკვდილს, მაგრამ ეს არის ბევრად პატარა რიცხვი. ვფიქრობთ, რომ რამდენიმე ასეულ შემთხვევაზეა საუბარი. მეტ საფრთხედ მიმაჩნია ირანში მისი გავრცელება, ვიდრე ჩინეთში. თავიდან არ შეეხება ტვირთების გადაადგილებას. სავარაუდოდ ჩაიკეტება სახმელეთო გზაც", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ექსპერტები აცხადებენ, რომ საკოორდინაციო გეგმის არსებობს აუცილებელია - ბევრად იაფი ჯდება რისკების მენეჯმენტი, ვიდრე კრიზისებთან გამკლავება.
„საკოორდინაციო გეგმა ახლა არ უნდა იწერებოდეს. ყველა ღონისძიება უნდა ჩატარდეს, რომ სნეულების მატარებელმა პაციენტმა ვერ შემოაღწიოს ქვეყანაში, თუ შემოაღწევს, უნდა იყოს სწრაფი რეაგირება. უნდა ჩაიკეტოს სახმელეთო საზღვარი, რაღაცები ჩვენც უნდა დავთმოთ", - ამბობს ვატო სურგულაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ირანთან, ისევე, როგორც ჩინეთთან, ავიამიმოსვლა შეჩერებულია.