logo
ENG



კორუმპირებულ ჩინოვნიკებს სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლიათ - კანდელაკი TI-ს კვლევაზე

03 ივლ 202017:54
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ოპოზიციურ პარტიებში გამოეხმაურნენ.

როგორც ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, ქვეყანაში კორუფციის მიმართულებით რეგრესის არსებობაზე უკვე არაერთი კვლევა მიუთითებს.

„ისინი მოდიან შევარდნაძის  და საბჭოთა პერიოდიდან. კომუნისტური ნომენკლატურაც არიან და კორუმპირებული ჩინოვნიკებიც შევარდნაძის პერიოდის. სხვანაირად მათ ცხოვრება არ შეუძლიათ. ჩვენ ხალხს კორუფციაში ისევ ისე ჩაფლობა  როგორც ეს იყო შევარდნაძის პერიოდში, ნამდვილად არ სურს. ეს რეგრესი კორუფციის მხრივ, რასაც ახლა ადგილი აქვს და სხვადასხვა კვლევებში კარგად იზომება ეს უკუსვლა, ესეც რა თქმა უნდა წელს შეჩერდება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კვლევას აქვეყნებს- სადაც ნათქვამია რომ  დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის, წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ  6,264,688 ლარი შეადგინა. 

ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. ის ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს  კი პარლამენტის წევრი ქართული ოცნების პარტიული სიით გახდა.


close დახურვა