საქართველოს ანტიკორუფციული მაჩვენებლები უარესდება - ეს მდგომარეობა 2019-2020 წლებში გამოქვეყნებული რეიტინგებიდან ირკვევა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგი მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობა გაუარესდა ან არ შეცვლილა გასულ წელთან შედარებით და ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მაღალი დონის კორუფცია სახელდება.
Trace International-ის მონაცემების მიხედვით კი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკმა ქვეყანაში 3 ქულით მოიმატა, ხოლო საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა ორი ადგილით გაუარესდა. World Justice Project-ის მონაცემებით, კორუფციისგან თავისუფლების მიმართულება შემცირდა და საქართველომ ერთი საფეხურით უკან გადაინაცვლა. ხოლო Transparency International (TI)-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა 56 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით. რაც შეეხება Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, ქულა წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესდა.
ანტიკორუფციული მაჩვენებლების გაუარესება არ უკვირთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და ამ მიმართულებით "ქართულ ოცნებაც" მეტი მუშაობისკენ მოუწოდებენ.
საერთაშორისო ორგანიზაციების შედეგები არც ოპოზიციისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი. მათი თქმით, კორუფციის გაუარესებული მდგომარეობა ისედაც თვალსაჩინოა და კვლევები უბრალოდ ამის დოკუმენტური დადასტურებაა. ოპოზიციის წარმომადგენლები არც IDFI-ის იმ რეკომენდაციას ემხრობიან, რომელიც ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. მათი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს სამსახური სათანადოდ ვერ იმუშავებს.
განსხვავებული პოზიცია აქვთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. მათი თქმით, საქართველო კორუფციისგან თავისუფალია, თუმცა გამოწვევები ისევ არსებობს და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.