logo
ENG



კორძაია ოცნებას: ადამიანები, რომელთაც მოისყიდით, თქვენი შიშით დაუშვებენ შეცდომებს

04 ნოე 202012:09
3 წუთის საკითხავი
 
3mq8jkkxnmm9yz9.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ საარჩევნო ბლოკის მიერ შემაჯამებელი ოქმების გაუქმებისა და გადათვლის, არსებული დარღვევებისა და კიდევ სხვა მრავალი პრობლემის მოგვარების მიზნით, შეტანილია 1 216 საჩივარი. 

კორძაია საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს და დანაშაულებზე ყურადღების გამახვილებას სთხოვს.

"დანაშაულებრივ ქაოსში სახელმწიფოს ხელისუფლებამ მონაცემები ვერ გაასწორა. კობახიძის კომენტარი, რომ ეს ადამიანური შეცდომებია, შეიძლება, იყოს მართალი. იმიტომ, რომ დაშინებული, დაშანტაჟებული და მოსყიდული ადამიანები ოქმებში 100%-იანი სიზუსტით ვერ დასვამდნენ გაყალბებულ მონაცემებს და დიახ, შეშინებული ადამიანი ზუსტად ვერ დაწერს ციფრებს. ბლოკის მეირ შემაჯამებელი ოქმების გაუქმების, გაუქმებისა და გადათვლის, შემაჯამებელ ოლქებში არსებული დარღვევებისა და კიდევ სხვა მრავალი პრობლემის მოგვარების მიზნით, შეტანილია 1 216 საჩივარი. ეს არის საარჩევნო უბნების 1/3. ვითხოვთ, იქ, სადაც ბიულეტენი ამოვიდა მეტი, ვიდრე ამომრჩეველთა რაოდენობა - სრულად ბათილობას. იქ, სადაც შანსი არის გადათვლისა და ზუსტი მონაცემების დადგენის, ვითხოვთ ხელახლა გადათვლას. დღეს პროკურატურაში ხელმოწერების გაყალბებაზე 20 საჩივარი შეგვაქვს. ადამიანები, რომელთაც აშანტაჟებთ, მოისყიდით, თქვენი შიშით დაუშვებენ შეცდომებს", - აცხადებს კორძაია.

მისი თქმით, არჩევნები არ არის ლეგიტიმური და საარჩევნო ბლოკის გარდა, "საჩივრების დაწერას ვერ აუდიან პოლიტიკური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები".

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა. არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში - ამ მოთხოვნების შესრულებით ოპოზიციამ მემორანდუმიც გააფორმა. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო. 

ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 117 საარჩევნო უბანთან მიმართებით ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას. 


close დახურვა