logo
ENG



კორძაიას თქმით, ComCom-მა ეთერებში უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო შეამცირა

11 სექ 202411:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/11/yutw80padym7wyf.jpg

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თამარ კორძაიას თქმით, დღეს 12:00 საათზე კომუნიკაციების კომისია სატელევიზიო ეთერებში უფასო პოლიტიკური რეკლამის დროის შემცირებაზე მათ საჩივარს განიხილავს.

კორძაიას თქმით, ტელემაუწყებლების მიერ გამოყოფილი უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო იყო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი, მაგრამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მითითებით, 6 სექტემბერს, იძულებული გახდნენ, შეემცირებინათ სარეკლამო წამები და ხელახლა წარედგინათ ტელევიზიებისათვის.

ის აცხადებს, რომ სატელევიზიო ეთერებში უფასო პოლიტიკური რეკლამის დროის შემცირება "უსამართლოა".

"მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის მაუწყებლების მიერ გამოყოფილი 12 წამი არის უსამართლო და კანონის არასწორი განმარტების შედეგად, ჩვენთვის კუთვნილი ისედაც მცირე სარეკლამო დროის შემცირება...

მსგავსი მიდგომა და კანონის მიზნის საწინააღმდეგო განმარტება, ართმევს საქართველოს მოქალაქეების ჩვენი საარჩევნო დაპირებების შესახებ სარეკლამო სახით ინფორმაციის სრულფასოვნად მიღების შესაძლებლობას და კომისიამ აღნიშნული მიდგომა უნდა შეცვალოს" - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გარდა ამისა, თამარ კორძაიას თქმით, დღეს 13:00 საათზე ჩაინიშნა ცესკოს სხდომა, რომელზეც განიხილება საარჩევნო სუბიექტის ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ წარდგენილი 15 საჩივარი.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში "პროფესიული" (უპარტიო/სერტიფიცირებული) წევრების არჩევის პროცედურები წარიმართა არჩევნებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფით, როგორიცაა სამართლიანობა, გამჭვირვალობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ჩვენს მიერ საჯარო წყაროებიდან მოპოვებული მასალებიდან დასტურდება, რომ ე.წ. პროფესიული ნიშნით არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, ახლო ნათესავ-მეგობრები.

საარჩევნო ადმინისტრაციის ასეთი მიდგომა აზიანებს არჩევნების სამართლიანად, თანასწორად და თავისუფლად ჩატარების მიმართ საზოგადოების ნდობას და მიგვაჩნია, რომ ყველა საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით, კონკურსი უნდა ჩატარდეს ხელახლა და საჯაროდ, მათ შორის კანდიდატებთან გასაუბრების ფორმით"- განაცხადა თამარ კორძაიამ


close დახურვა