აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, კოტე ანანიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის უფროსის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ანანიაშვილი გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.
მისი თქმით,კონსტანტინე ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.
"კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე იქნება კოტე პასუხისმგებელი. თქვენი ძირითადი საყრდენი ყოველდღიური მართვის პირობებში იქნება კოტე. ჩვენ ასევე გვექნება შეხვედრები, თავდაპირველ ეტაპზე, კვირაში ერთხელ, ზუსტად ისე, როგორც იმართება მთავრობის სხდომები, გაიმართება ეს სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გუბერნატორები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კონსტანტინე ანანიაშვილი იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013-2016 წლებში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.