„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ქვეყენაში მეგაჰესების მშენებლობას ეხმაურება. EMC-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც საქართველოს მთავრობას ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების აგრესიული პოლიტიკის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის წევრი კოტე ერისთავი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია, რომელიც სისტემურად, ერთიანობაში ქვეყნის ჰიდრორესურსების განვითარების ხედვებსა და შესაბამის სტანდარტებს განსაზღვრავდა.
„სახელმწიფო ისე გეგმავს ათობით ჰესის აშენებას, რომ არ აქვს ენერგეტიკის განვითარების ოფიციალურად დამტკიცებული სტრატეგია, ანუ სისტემური ხედვა ენერგორესურსების განვითარებისთვის. საუბარია მეგაჰესებზე, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ ჯანმრთელობაზე, ცხოვრების წესზე. ეს გავლენები სათანადოდ არ არის შესწავლილი. კვალიფიციური დასკვნების შეფასებების გარეშე, საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გაცემული ნებართვების კიდევ უფრო ფორსირება ამ პროცესში ძალიან ბევრ რისკთან არის დაკავშირებული, როგორც ადამიანების სიცოცხლესთან, ასევე ეკონომიკური და გარემოს დაცვითი მიმართულებებით“, - განაცხადა EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, კოტე ერისთავმა.