პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, პოლიტიკური სპექტრის ტოქსიკურობაზე „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი კოტე კემულარია გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, გიორგი გახარია 20 ივნისის მოახლოებასთან ერთად ნერვიულობს, რადგან ყველას ახსენდება თვალებდათხრილი ახალგაზრდები. მისივე თქმით პრემიერს ცოტა დრო აქვს დარჩენილი.
„ისინი ნერვიულობენ, ბიძინამ შიგნიდან დაიწყო წმენდა. შიგნიდან არის შემოწმება დახარჯული და პარტიული ფულების. თან ამასთან გახარია ნერვიულობს, ახლოვდება 20 ივნისი, ყველას ახსენდება სისხლი, თვალებდათხრილი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები. სისხლით მორწყული რუსთაველის პროსპექტი, რუსებისთვის ნასიამოვნები საშინელი ღამე თბილისში. გახარიას ცოტა დრო აქვს დარჩენილი“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია აშშ-ის ელჩისა და გენერალური პროკურორის შეხვედრის შესახებ ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, არჩევნებიდან გამომდინარე პოლიტიკური სპექტრი სამწუხაროდ ძალიან ტოქსიკურია.
პრემიერმა მედიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ პროპაგანდა და ე.წ. ფეიკ ნიუსები ვრცელდება.